დინამოს ორკვირიანი ანთალიური შეკრება დასრულდა. შეკრების შეჯამება დინამოს მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ.
მოსამზადებელ პირობებზე
იდეალური პირობები გვქონდა მოსამზადებლად. საუკეთესო სასტუმრო, სავარჯიშო მოედნები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც საჭირო იყო ხარისხიანი შეკრებისთვის.
მზადებაზე
მოგეხსენებათ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ასევე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დაწინაურებული პირველ გუნდში. ჩვენი მთავარი ამოცანა მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება გახლდათ. მიზნისთვის, რომლისთვისაც ყველა ფეხბურთელი მონდომებით იშრომებდა. გადავედით ახალ სათამაშო სისტემაზე. გამომდინარე აქედან შემოდის ახალი იდეები, რომელიც ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ და გაითავისონ. რამდენიმე სათამაშო კომპონენტზე ვმუშაობდით. მოსამზადებელ ეტაპზე, ორჯერადი ვარჯიშები, დატვირთვები, ყოველ მესამე დღეს მატჩი, ეს სირთულეები ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გადალახეს. ვფიქრობ წინსვლა არის და შეკრებას დადებითად შევაფასებდი.
ახალწვეულებზე
გიორგი ლორიას ტრავმის გამო, დაუშვილს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. ეს საერთაშორისო შეხვედრები დიდი სკოლა იყო მისთვის. მას აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ ბევრი აქვს სამუშაო. დიდი შრომა სჭირდება. ხიდეშელს და გორგიაშვილს ბევრი გაუცდათ, დიდი პერიოდის შემდეგ მოუწიათ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დაღლილობა დაეტყოთ, მაგრამ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებიან. ცინცაძე და ჯანელიძე შეიძლება ითქვას, რომ მზად არიან. იგივე ითქმის მოდებაძეზე, თუმცა ორ-სამდღიანი პაუზის გამო შეფერხდა მისი მონაწილეობა სავარჯიშო პროცესში. მთავარია, რომ თითოეული ეს ფეხბურთელი მიიღო გუნდმა და ადაპტაციის პროცესი გავლილია. ისინი ერგებიან იმ სათამაშო მოდელს, რომლის სრულყოფაზეც ჩვენ ვმუშაობთ.
სპარინგებზე
პოდბესკიძიე-პირველი სპარინგი შეკრების მეორე დღეს გვქონდა და ფეხბურთელებს მგზავრობით დაღლილობა ეტყობოდათ. გუნდი ვერ შეხვდა ამ თამაშს მომზადებული. დასაწყისში ელემენტარული შეცდომა დავუშვით და გავუშვით. შემდეგ მთელი მატჩი ვცდილობდით ამ შეცდომის გამოსწორებას, რომ არ წაგვეგო.
ჰაიდუკი-ჩვენ გვქონდა კონკრეტული დავალებები თამაშის ჩვენთვის სასურველი ტაქტიკური სქემებით წარმართვის, რაც მეტ-ნაკლებად გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ხორვატები სეზონს უფრო ადრე იწყებენ და მზადების ციკლით ჩვენზე წინ იყვნენ. თამაშსაც ეტყობოდა, ისინი ჩვენზე სწრაფად მოძრაობდნენ.
მლადა ბოლესლავი-დაახლოვებით იგივე დავალებები ჰქონდათ ფეხბურთელებს ჩეხებთან შეხვედრაშიც, მაგრამ აქ უფრო მეტად ორიენტირებული ვიყავით შედეგზეც. მიუხედავად იმისა რომ კომუნიკაცია მოედანზე წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთესი იყო, თუმცა ჩვენს თამაშს კვლავ ეტყობოდა, რომ უფრო მეტი შეთამაშება და ურთიერთგაგებაა საჭირო მოედანზე.
ჩერნომორეცი-ამ შეხვედრაში გუნდი უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა. ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ცნობილია მატჩის ჩაშლის მიზეზები. დინამოს მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობას ვერ მივიღებდით.
სპარტაკი ნალჩიკი- ეს შეხვედრა არ იგეგმებოდა, მაგრამ ჩერნომორეცთან დაუსრულებელი მატჩის შემდეგ, იმისათვის რათა ყველა ფეხბურთელს მისცემოდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სპარინგის ჩატარება. მართალია ახალგაზრდებს პირველად მოუწიათ პირველივე წუთებიდან თამაში, ზედმეტად ნერვიულობდნენ, მაგრამ შანსი რომელიც გეძლევა უნდა გამოიყენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გათავისებული ჰქონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც დინამო თბილისის მაისურით თამაშს ახლავს თან. ბოლომდე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ყველას რა არის დინამო და სად იმყოფები. აბსოლუტურად მესმის დინამოს გულშემატკივრის. ის საღამო ძალიან რთული იყო ჩვენთვის.
ნებითიჩი /ბალკანი/-წინა დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებიც უფრო მონდომებულები და მობილიზებულნი იყვნენ. პერიოდულად ნათლად ჩანდა ის რისკენაც ვისწრაფვით.
შეჯამება
მთლიანობაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუნდმა ფიზიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებში მოუმატა. ფიზიკური კონდიციები ამაღლდა. პროგრესია ტაქტიკური მომზადების მიმართულებით. სპარტაკთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუნდი უფრო შეთამაშდა. გამოჩნდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. სამუშაო ბევრია. მზადებას თბილისში გავაგრძელებთ. ორი-სამი დღით გუნდი დაისვენებს. 14-ში შევიკრიბებით. სავარაუდოდ 17-ში საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ და სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.