დღეს ივანწმინდაში საქართველოს თასის მერვედფინალური მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი ბორჯომს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე ძლიერი წვიმა მოდიოდა, რასაც მოედნის არასახარბიელო მდგომარეობაც ემატებოდა. მატჩის პირველივე წუთზე ჯაბა ჯიღაურის დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. დინამოელებმა მატჩის სადავეები თავიდანვე ხელში აიღეს. მე- 10 წუთზე უკვე ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი ბორჯომის მცველებმა. კიკნაძის კარს თავით ოთარ კიტეიშვილი ემუქრებოდა, რომელიც ორიოდე წუთით ადრე ვახო ჭანტურიშვილის სახიფათოდ ჩაწოდებულს ვერ შესწვდა. მე- 14 წუთზე უკვე ვლადიმერ დვალიშვილის თავით დარტყმულის შემდეგ აცდა ბურთი ნომინალური მასპინძლის კარს. მატჩის 31- ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან გიორგი თევზაძემ გაისროლა, ბურთი ისევ რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ბორჯომის კარს. პირველი ნახევრის ბოლოს სტუმრების სახიფათო შეტევა, ჯაბა ჯიღაური ურტყავს ახლო მანძილიდან, გივი კიკნაძემ კი ნახტომში მოიგერია ბურთი და იხსნა თავისი გუნდი. მეორე ტაიმი დინამოელებმა პირველის დარად აქტიურად დაიწყეს. ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად მარცხენა ფრთაზე, ბურთი დვალიშვილს გადააწოდა, რომელის დარტყმულსაც ძალა დააკლდა და მიზანს ვერ უწია. ცოტახანში ვახო ჭანტურიშვილმა ჩააწოდა, კიტეიშვილის დარტყმული ისევ არაზუსტია. აი მომდევნო შეტევაში კი ბორჯომის ფეხბურთელებს შეეძლოთ შედეგიანი გარჯა, ბოლო წამს ალექსანდრე შენგელია ვერ გაერკვა სიტუაციაში. 58- ე წუთზე დვალიშვილს კიდევ ერთხელ მართებდა გატანა, ბურთი ზევიდან გადაცდა ბორჯომის კარს. მატჩის 67- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, რომელიც ბორჯომის მეკარემ აკრძალული ილეთით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა და დინამო დააწინაურა. 76- ე წუთზე თბილისელებმა გაზარდეს უპირატესობა. ვლადიმერ დვალიშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა ტექნიკური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა ბორჯომის კარში 0:2. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი მატჩის ბოლო წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა. საგოლე პასი ვახო ჭანტურიშვილმა ჩაიწერა აქტივში. მომდევნო შეხვედრას დინამო 25 სექტემბერს სახლში გამართავს. ჩვენი გუნდი ტორპედო ქუთაისს დაუპირისპირდება.
ბორჯომი 0:3 დინამო
გოლი: 0:1 ცინცაძე (პენ) 68’ 0:2 კიტეიშვილი 76’ 0:3 ჯიღაური 90’
გაფრთხილება: ბურძენაძე 82’ ლილუაშვილი 86’
ბორჯომი: კიკნაძე, კობესაშვილი (ქარელი 76), თედიაშვილი, ხუმარაშვილი, ქარდავა, ჯოჯუა, ბურძენაძე, კიკნაველიძე, ფირცხალავა (ჯუფი 74), შენგელია, ციცხვაია (პავლიაშვილი 70)
დინამო: ლომაია, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, ჯიღაური, კიტეიშვილი (ლილუაშვილი 83), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (პარუნაშვილი 77), დვალიშვილი (მიქელთაძე 78)
მსაჯი: გიორგი ვარდიძე