• Geo
  • Eng
12.07.2016
დინამომ ალაშკერტი 2:0 დაამარცხა

დღეს დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სომხეთის ჩემპიონს- ერევნის ალაშკერტს უმასპინძლა.

შეხვედრის მე- 3 წუთზე მატია შპიჩიჩმა პირველი დარტმა განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტად. მე- 9 წუთზე შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტიც დაფიქსირდა, როდესაც ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმული საჯარიმოს შემდეგ, ბურთი სანტიმეტრებში აცდა გევორგ კასპაროვის კარს. 10 წუთში გიორგი ქვილითაიას და ჯაბა ჯიღაურის კომბინაცია ამ უკანასკნელის სახიფათო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. თბილისელებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ტაიმის პირველ ნახევარში მასიურ შეტევებს ახორციელებდნენ ალაშკერტის კარის მიმართულებით. ჯაბა ჯიღაურს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი 36- ე წუთზე, დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმის სტარტზე უჩა ლობჟანიძემ მიიღო ტრავმა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მის მაგივრად მოედანზე ოთარ კიტეიშვილი შემოვიდა, რომელმაც უმალ გაამწვავა თამაში, რასაც მიჯრით დინამოელთა ორი კუთხური მოჰყვა. ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როცა ჯერ ვახო ჭანტურიშვილმა ახლო მანძილიდან გაარტყა მეკარეს ბურთი, ხოლო შემდეგ შეტევაში ოთარ კიტეიშვილმა შორი და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. მატჩის 69- ე წუთზე ალაშკერტის ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს ჯაბა ჯიღაურის წინააღმდეგ, მთავარმა მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანს მიანიშნა. პენალტი ზუსტად დინამოს ბომბარდირმა- გიორგი ქვილითაიამ შეასრულა და დინამო ორი ბურთით დააწინაურა. მომდევნო შეტევაში სტუმრები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს, ბოლო წამს ვახო ჭანტურიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს დაუფარეს მცველებმა. 74- ე წუთზე უკვე დინამო გადარჩა ხიფათს. ნორაირ გიოზალიანის დარტყმული ძელმა მოიგერია, თუმცა უნდა აღინიშნოს რენე სანტოსის კარგი თამაში, რომელმაც ჩამოუსწრო მეტოქეს და ხელიც შეუშალა დარტყმაში. მომდევნო ორ წუთიან მონაკვეთში კასპაროვმა ორჯერ იხსნა საკუთარი კარი. ვლადიმერ დვალიშვილი გავიდა მასთან პირისპირ და ვერ აჯობა, დამატებაზე კი შეცვლაზე შემოსულ გიორგი პაპუნაშვილს აუღო. პაპუნაშვილი მომდევნო შეტევაშიც აქტიურობდა, მაგრამ დარტყმული გამოდგა არაზუსტი. 90- ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმო ჩამოაწოდეს, არტაკ დაშიანიმა თავი შეაგება ბურთს, რომელიც მცირედით აცდა დინამოელთა კარს. დაპირისპირებაში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 2:0 დაამარცხა ალაშკერტი.

საპასუხო მატჩი ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე, 19 ივლისს 19.00 საათზე გაიმართება.

 

დინამო  2:0  ალაშკერტი

გოლი: 1:0 კიტეიშვილი 55’  2:0 ქვილითაია (პენ) 69’ 

გაფრთხილება: მინასიანი 28’  პოღოსიანი 37’  კიტეიშვილი 51’  ბარეღამიანი 71’

 

დინამო: სკრიბე, შპიჩიჩი, ამისულაშვილი ©, რენე სანტოსი, ლობჟანიძე (კიტეიშვილი 49), პარუნაშვილი, ველევი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (კურიე 83), ქვილითაია (პაპუნაშვილი 75)

ალაშკერტი: კასპაროვი, ვოსკანიანი, ტაშიჩი (ბარეღამიანი 46), მურადიანი, დაშიანი, პოღოსიანი, იედიგარიანი, სავინი (ედიგარიანი 63), მინასიანი ©, გრიგორიანი, გიოზალიანი (მელქონიანი 83)

მსაჯი: სებასტიან კოლტესკუ

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024