შაბათს 15 ოქტომბერს დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურში ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 30 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები დიდ უპირატესობას ფლობენ – 23 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდებაც 86/21 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო გურულებს. 1992 წლის 27 აგვისტოს შოთა არველაძის პოკერს ორი გოლი არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა მიამატეს. 1994 წლის 1 ოქტომბერს შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ დუბლი და ერთი გოლიც გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 1998 წლის 12 მაისს ლევან ხომერიკმა და დავით მუჯირმა გაუტანეს გურულებს 2-2 გოლი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი გივი დიდავამ და მიხეილ აშვეთიამ მოახერხეს. 1999 წლის 15 მაისს, დინამომ გურია 7:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი პაატა ჯინჭარაძის, გიორგი კიკნაძის, რატი ალექსიძის და შოთა ჩომახიძის ანგარიშზეა. 1994 წლის 2 აპრილს თბილისელებმა ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. გოლები გაიტანეს: ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2016 წლის 13 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები გურულთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა, ვახო ჭანტურიშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.