• Geo
  • Eng
25.06.2016
ჩვენი მეტოქე - ლუდოგორეცი

26 ივნისს დინამო თბილისი ავსტრიულ შეკრებაზე მეორე სპარინგ შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი - ლუდოგორეცი რაზგრადი იქნება. მატჩი ავსტრიულ დაბა იენბახში ჩატარდება და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ლუდოგორეცი 1945 წელს დაარსებული კლუბია, რომელმაც რაზგრადული 5 პატარა კლუბი გააერთიანა. თავის საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი სპარინგ პარტნიორი ლუდოგორეც არენაზე ატარებს, რომელიც 8 000 მაყურებელს იტევს. ლუდოგორეცის საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. 1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და დაერქვა- ანტიბიოტიკი, თუმცა 2006 წელს, ისე რომ უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია, კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს საფეხბურთო კლუბი რაზგრადი2000  ლუდოგორეცის სამართალმემკვიდრე გახდა და სახელიც გადაერქვა. 2011 წელს არწივებმა (ლუდოგორეცის ზედმეტსახელი) ბულგარეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს და ამასთან ერთად სეზონის ბოლოს ისტორიული შედეგიც აჩვენეს მოიგეს რა- ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. იგივე ტრიუმფი ლუდოგორეცმა 2014 წელს შესთავაზა თავის გულშემატკივარს. სულ ბულგარულ კლუბს 5- ჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (2011/2012 – 2015/2016), ორჯერ თასი (2011/2012, 2013/2014) და ორჯერაც (2012, 2014) ბულგარეთის სუპერთასი. ლუდოგორეცმა 2013/2014 სეზონში ევროპა ლიგის მერვედფინალამდე მიაღწია, ხოლო 2014/2015 სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ლუდოგორეცის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014 წლიდან ბულგარელი ფეხბურთის სპეციალისტი- გეორგი დერმენჯიევი მუშაობს. მანმდე სამი წელი იგი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

 

ლუდოგორეცი დინამო თბილისის მსგავსად ავსტრიაში იმყოფება შეკრებაზე და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, სადაც მისი მეტოქე მლადოსტ პოდგორიცა იქნება. რაზგრადულმა კლუბმა უკვე ჩაატარა ერთი სპარინგ მატჩი და 2:1 დაამარცხა პრაღის სლავია. გოლები ანისეს და კაფუს ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024