• Geo
  • Eng
22.10.2016
დინამო - ცხინვალი | მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბ ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ცხინვალის საფეხბურთო კლუბმა, რომელიც 1936 წელს დაარსდა, არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. კლუბი სპარტაკის სახელით ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში და თასის გათამაშებაზე. ასევე ამიერკავკასიისა და სხვა და სხვა ზონების შეჯიბრებებში მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში ცხინვალის სპარტაკის საუკეთესო სეზონი 1987 წლით თარიღდება – ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საქართველოს საბჭოთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულეს- სპარტაკმა ფინალურ შეხვედრაში ოზურგეთის მერცხალს  1:0 სძლია. საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთი ჩემპიონატებში ცხინვალის კლუბი თავდაპირველად (1990–2003 წლებში) ლიახვის სახელით ასპარეზობდა, 2003–2007 წლებში გუნდი ცხინვალის სახელით გამოდიოდა. 2007 წლიდან გუნდს კვლავ სპარტაკი ეწოდება, ხოლო 2015 წლიდან დაიბრუნეს ძველი სახელწოდება და კლუბს ცხინვალი დაერქვა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ცხინვალისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2014-15 წლების სეზონი გამოდგა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალი არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ევროთასებზე. უეფას ევროპა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო ასპარეზობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალი რუმინულ ბოტოშანს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა.

სამაჩაბლოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდმა დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და საშინაო შეხვედრებს ცხინვალის ნაცვლად გორში ატარებდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ცხინვალი საშინაო შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მართავს.

 

 

მწვრთნელი და სპარტაკი

ცხინვალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ნოემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახა კაჭარავა მუშაობს. წინა სეზონი გუნდმა 46 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ტურნირში კი გუნდს 7 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 7 ქულით, თეთრ ჯგუფში მეექვსე ადგილი უკავია.

 

 

დინამომდე...

28- ე გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენი მომავალი მეტოქე პირველ ტურში გურიას დაუპირისპირდა და გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. შემდეგ ცხინვალი ჩვენს გუნდთან დამარცხდა 2:4 და თასის მერვედფინალში ხობის კოლხეთთან წააგო 0:2.  ამას მოჰყვა გამარჯვება შუქურასთან 3:1 და მიჯრით სამი მარცხი. შესაბამისად ლოკომოტივთან 1:2, ტორპედოსთან 1:3 და ჩიხურასთან 1:2. ბოლოს ცხინვალმა გურიას აჯობა 2:1.

 

 

დინამო - ცხინვალი

ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და ცხინვალი ერთმანეთს 22– ჯერ დაუპირისპირდნენ. 16 მოგება, 4 ფრე და  2 მარცხი. 55 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 20 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.

 

ცხინვალთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ პირველი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს ცხინვალი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს. ასევე დიდი ანგარიშით იმარჯვა დინამომ ამ გუნდების წინა საჩემპიონატო დაპირისპირებაში. 2014 წლის 24 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 6:1 მოუგო ცხინვალს. გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი ლაშა პარუნაშვილმა, ირაკლი ძარიამ და მათე ცინცაძემ მიამატეს. ასევე დიდი ანგარიშით 4:1 ამჯერად ცხინვალმა იმარჯვა და ეს იყო მათი მეორე წარმატება დედაქალაქურ გუნდთან. 2015 წლის 24 აპრილს გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მათე ცინცაძემ გაიტანა.

უკანასკნელი მატჩი ცხინვალსა და დინამოს შორის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები ცხინვალის კარში მათე ცინცაძემ, ოთარ კიტეიშვილმა, რენე სანტოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო გიორგი პაპუნაშვილი და რენე სანტოსი ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

ცხინვალი - დინამო | მსაჯი

ცხინვალთან დაპირისპირებას - ჯენერი ხორავა განსჯის. მას ასისტენტობას- ლ. თოდრია და ს. სპიცინი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ა. ნონიკაშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა ჯენერი ხორავამ, 19 ოტომბერს საქართველოს თასზე გამართული სულორი 0:1 ტორპედო გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში ჯენერი ხორავამ უკანასკნელად 2016 წლის 19 თებერვალს იმსაჯა. დინამოელებმა ზესტაფონში საპოვნელა ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯენერი ხორავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ჯენერი ხორავა

დაბადების თარიღი: 1980 წლის 26 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 82 თამაში / 308 ყვითელი / 18 წითელი / 18 პენალტი

პირველი ლიგა - 45 თამაში / 157 ყვითელი / 14 წითელი / 13 პენალტი

მეორე ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 18 თამაში / 74 ყვითელი / 6 წითელი / 4 პენალტი

ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

ცხინვალის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით ხვალინდელ დაპირისპირებაში, ცხინვალელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ნადირაძე - ბაჩიაშვილი, თომაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე - გაბრიჩიძე, ქოჩლაძე, მახარობლიძე, ქარდავა - კახელიშვილი, დვალი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024