• Geo
  • Eng
14.09.2016
17 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

17 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს 28- ე პირველობის მეექვსე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივთან გამართავს. დინამოელებს 17 სექტემბერს 18 ოფიციალური მატჩი (8 ეროვნულ ჩემპიონატში, 2 ევროთასებზე, 8 სსრკ- ს პირველობაზე) აქვთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 9 თამაში მოიგო, 5 მატჩი ფრედ დაასრულა, 4 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 32/12 თბილისელთა სასარგებლოდ.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელებმა 17 სექტემბერს პირველად 1991 წელს ითამაშეს. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში ზუგდიდის ოდიშს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 1993 წელს დინამომ რუსთავში ადგილობრივ მეტალურგს 2:1 მოუგო. რუსთაველთა კარში გოლები გიორგი ქინქლაძემ და შოთა არველაძემ გაიტანეს. 1995 წლის 17 სექტემბერს დედაქალაქმა ქართულ კლასიკოს უმასპინძლა. თბილისში გამართული დინამო – ტორპედო ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:1 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი დემეტრაძემ, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ კახი გოგიჩაიშვილი, როინ კერძევაძე და დავით მუჯირი. 2000 წელს ერთმანეთს თბილისელი და ბათუმელი თანაკლუბელები დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა საშინაო შეხვედრაში ბათუმის დინამოს 2:0 მოუგო. ზღვისპირელთა კარში გოლები ლევან მიქაძემ და რევაზ ქემოკლიძემ გაიტანეს. 2001 წლის 17 სექტემბერს დინამომ დიდი ანგარიშით დაამარცხა მერანი–91. ჩვენმა ფეხბურთელებმა დინამო არენაზე მეტოქეს 6:0 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა მიხეილ ბობოხიძემ, თითო ბურთი გაიტანეს უმცროსმა ვიტალი დარასელიამ, კოკა მიკუჩაძემ, თორნიკე აფციაურმა და ნიკოლოზ თუთარაშვილმა. 2006 წელს საშინაო შეხვედრაში თბილისელებმა თელავის კახეთს 2:1 აჯობეს. გოლები დავით გიგაურის და ამბროზიოს ანგარიშზეა. 2011 წელს დინამომ სტუმრად, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქეს დიდი ანგარიშით 3:0 სძლია. ფოთელთა კარში თითო გოლი ნიკა კვეკვესკირმა, ალექსანდრე კოშკაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს. 2013 წელს დორინ გოგას და ლევან ხმალაძის გოლებით ცხინვალის სპარტაკს ვაჯობეთ 2:0.

ევროასპარეზზე დინამოელებმა 17 სექტემბერს პირველად 1980 წელს იასპარეზეს. უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბერძნულ კასტორიას დაუპირისპირდა. სალონიკში კაფთაზოღლუზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1987 წლის 17 სექტემბერს დინამოელებმა უეფას თასის გათამაშების 1/32 ეტაპის მატჩი სტუმრად სოფიის ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარეს. ჩვენი გუნდი ბულგარეთში 1:3 დამარცხდა, გოლი მეტოქის კარში რამაზ შენგელიამ გაიტანა.

1949 წელს დინამომ საკუთარ მოედანზე სტალინოს (დონეცკის) შახტარს უმასპინძლა და მეტოქეს დიდი ანგარიშით 5:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში ორ-ორი გოლი ანდრო ზაზროევმა და რევაზ მახარაძემ შეაგდეს, ერთი გატანილი ბურთით ავთანდილ ღოღობერიძე გამოირჩა. 1950 წელს თბილისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს უმასპინძლეს. დინამოზე გამართული მატჩი საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა. მოსკოვის დინამოს კარში თითო გოლი მიხეილ ჯოჯუამ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. 1951 წელს ლურჯ-თეთრებმა დონეცკის შახტიორი მიიღეს. მატჩი ფრედ 1:1 მორჩა. უკრაინელთა კარში გოლის ავტორი კი ვლადიმერ ვარდიმიადმა გახდა. რვა წლის შემდეგ დინამო სტუმრად მოსკოვის ტორპედოსთან 0:1 დამარცხდა. 1968 და 1982 წლებში დინამოელები სტუმრად ვოროშილოგრადის ზარიას და დონის როსტოვის სკა– ს დაუზავდნენ. ორივე მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1988 წელს ჩვენმა გუნდმა ვილნიუსის ჟალგირისი სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა. 1989 წელს დინამო დონეცკის შახტიორის წინააღმდეგ სტუმრად 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024