საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
1924 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთო კლუბის თავდაპირველი სახელწოდება- კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხოვრებას კიმის ნაცვლად- კოლმეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. გურიას საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორეს. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს. იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012/2013 სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
მწვრთნელი და გურია
2016 წლის აპრილიდან ლანჩხუთის გურიას თავკაცად გამოცდილი ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- თეიმურაზ მახარაძე დაინიშნა. საბოლოოდ მისმა გუნდმა ჩავლილი ჩემპიონატი, დაგროვილი 27 ქულით, მე- 11 ადგილზე დაასრულა.
... დინამომდე
გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ტურში ლანჩხუთელებმა ცხინვალს უმასპინძლეს და გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ მეტოქეს.
დინამო - გურია
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 29 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები დიდ უპირატესობას ფლობენ – 22 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდებაც 83/21 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო გურულებს. 1992 წლის 27 აგვისტოს შოთა არველაძის პოკერს ორი გოლი არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა მიამატეს. 1994 წლის 1 ოქტომბერს შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ დუბლი და ერთი გოლიც გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 1998 წლის 12 მაისს ლევან ხომერიკმა და დავით მუჯირმა გაუტანეს გურულებს 2-2 გოლი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი გივი დიდავამ და მიხეილ აშვეთიამ მოახერხეს. 1999 წლის 15 მაისს, დინამომ გურია 7:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი პაატა ჯინჭარაძის, გიორგი კიკნაძის, რატი ალექსიძის და შოთა ჩომახიძის ანგარიშზეა. 1994 წლის 2 აპრილს თბილისელებმა ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. გოლები გაიტანეს: ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2016 წლის 9 მაისს დინამო არენაზე გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ჰეთ თრიქი გურულთა კარში გიორგი ქვილითაიამ შეასრულა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას გურიას ფეხბურთელი- პეტერსონ კაბორე გამოტოვებს.
დინამო - გურია | მსაჯი
საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ- დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ს. სპიცინი და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა 22 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული დინამო ბათუმი 0:0 მარტვილის მერანი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2015 წლის 22 მაისს იმსაჯა. ჩიხურას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის მთავარ არბიტრს სამი ყვითელი ბარათი არ გამოუყენებია.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი (35 წლის)
===========================================
უმაღლესი ლიგა - 134 თამაში / 453 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი
პირველი ლიგა - 31 თამაში / 78 ყვითელი / 5 წითელი / 5 პენალტი
მეორე ლიგა - 50 თამაში / 76 ყვითელი / 5 წითელი / 25 პენალტი
საქართველოს თასი - 22 თამაში / 60 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
გურია - სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
იმერლიშვილი - თევზაძე, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი, ცინცაძე - ჭეჭელაშვილი, მოროზენკო, სტეფნიაშვილი, კილაძე - დინიზი, ჭედია