დღეს დინამო არენაზე მოახლოებული ფლეი-ოფის მატჩისწინა პრესკონფერენცია და ვარჯიში გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს ჯერ თბილისელთა სლოვაკმა დამრიგებელმა - იურაი იარაბეკმა და ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა - ჯაბა ჯიღაურმა უპასუხეს, შემდეგ კი ჟურნალისტების წინაშე პაოკის სერბი თავკაცი - ვლადიმირ ივიჩი და ბერძენთა ანგოლელი ლეგიონერი - ჯალმა კამპოსი წარდგნენ. სტუმრებმა მატჩისწინა წვრთნა დინამო არენაზე გამართეს, ხოლო ჩვენმა გუნდმა გენერალური რეპეტიცია ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა.