• Geo
  • Eng
04.07.2016
დინამომ შეკრება დაასრულა

დინამო თბილისმა ავსტრიულ იენბახში შეკრების ბოლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი დინამო კიევს დაუპირისპირდა. რენე ფერეირამ, მცირე ტრავმის გამო ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. პირველი ნახევარი კიეველთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა საგოლე მომენტები თბილისელებმაც შექმნეს. პირველად სახიფათოდ უკრაინელებმა შეუტიეს, როდესაც მე- 16 წუთზე მიჯრით ორჯერ დაემუქრნენ ჩვენს კარს. ორივე შემთხვევაში ანტონი სკრიბემ იყოჩაღა და განმუხტა სიტუაცია. მეოცე წუთზე ისევ სკრიბემ მოიგერია კიეველთა სახიფათო დარტყმა, მაგრამ ბურთთან პირველი უკრაინელთა კაპიტანი გაჩნდა და იარმოლენკომ მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში. ცოტა ხანში იურაი იარაბეკის ფეხბურთელებმა წამოიწყეს შეტევა, საჯარიმმოს მარცხენა ფრთიდან ვახო ჭანტურიშვილმა ძლიერად გაისროლა, ბურთი სანტიმეტრებით აცდა რიბკას კარს. ამის შემდეგ უკრაინელთა სწრაფი იერიში და დინამო თბილისის კარი ხარიხამ გადაარჩინა. ცოტა ხანში, თბილისელთა მრავასვლიანი კომმბინაციისა და გიორგი ქვილითაიას თავურის შემდეგ,  ძელმა უკვე კიეველთა კარი იხსნა.

 

მეორე ტაიმში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. მე- 60 წუთზე ქვილითაიამ ვერ ისარგებლა უკრაინელთა მეკარის შეცდომით და ბურთი სულ ცოტათი ააცილა ცარიელ კარს. 76- ე წუთზე კი ჩვენმა გუნდმა მეორე გოლი გაუშვა. ზუსტი დარტყმა ჟუნიორ მორაეშმა შეასრულა. ბოლოს თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, ლამაზი კომბინაციაც გაითამაშეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს და მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკი თავკაცი- ვლადიმერ ვაისიც ესწრებოდა.

 

ამრიგად დინამო თბილისმა დაასრულა ავსტრიული შეკრება. 5 ივლისს ჩვენი გუნდი თბილისში დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას მოახლოებული, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის.

 

დინამო თბილისი  0:2  დინამო კიევი

დინამო თბილისი: სკრიბე, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (c), შპიჩიჩი (თევზაძე 85), ცინცაძე (ალვარო 46), პარუნაშვილი (ჭელიძე 62), კურიე (კიტეიშვილი 46), ჭანტურიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჯიღაური (ვოლკოვი 85), ქვილითაია (გელაშვილი 60, მიქელთაძე 85)

დინამო კიევი: რიბკა, კორზუნი, ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, მაკარენკო, რიბალკა, სიდორჩუკი, ანდრიევსკი, იარმოლენკო (c), ბესედინი, გლადკი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024