დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 28- ე პირველობის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისი ცხინვალს დუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ დინამოელთა შემადგენლობაში დღეს ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. მარჯვენა მცველი - თორნიკე კირკიტაძე თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ, ხოლო შემტევი - გიორგი ზარია იურაი იარაბეკმა მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე.
შეხვედრის პირველი სახიფატო მომენტი სტუმრებმა მესამე წუთზე შექმნეს. მარცხენა ფრთიდან მათე ცინცაძემ ძლიერად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი გიორგი ნადირაძემ მოიგერია. მე- 10 წუთზე მასპინძელთა კარი აშკარა გოლს გადარჩა. რენეს დარტყმული მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. მე- 18 წუთზე დინამომ გახსნა ანგარიში. მეტოქის საჯარიმოში გიორგი პაპუნაშვილი წააქციეს, თერთმეტმეტრიანი კი მათე ცინცაძემ ზუსტად შეასრულა. მომდევნო შეტევაში დინამოს კიდევ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ჭანტურიშვილის აქტიური თამაშის შემდეგ კიტეიშვილმა დაარტა არაზუსტად, ბურთი ზევიდან გადაცდა ცხინვალის კარს. 33- ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი კონტრშეტევა გაითამაშეს. კიტეიშვილი-ჭანტურიშვილი-პაპუნაშვილის შეტევა, რომელსაც ეს უკანასკნელი დარტყმით აგვირგვინებდა. ბურთი ნახტომში გიორგი ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. სამ წუთში დინამომ მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა. გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოში იყოჩაღა, პასი ოთარ კიტეიშვილის გადასცა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მერედ აიღო ცხინვალის კარი 0:2. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა მოახერხეს ერთი გოლის გაქვითვა. ზუსტი დარტყმა ჯაბა დვალმა შეასრულა 1:2. საპასუხოდ გიორგი პაპუნაშვილს შეეძლო შორი მანძილიდან გატანა, თუმცა ბურთი ოდნავ აცდა მიზანს. მე- 60 წუთზე თბილისელთა მრავალსვლიან კომბინაციას ლაშა პარუნაშვილი აგვირგვინებდა. ბურთი მეკარემ გააქვავა, მომდევნო შეტევაში ნადირაძემ მათე ცინცაძის შორეული დარტმის შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა ცხინვალის კარი. რვა წუთში დინამომ მესამე გოლი გაიტანა. მათე ცინცაძის ჩამოწოდებულ კუთხურს პირველი რენე სანტოსი გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით აიღო ნადირაძის კარი. დინამომ აქტიურად გაარძელა თამაში და იქვე გაიტანა მეოთხე გოლიც. ჭანტურიშვილის ჩაწოდებულს გიორგი პაპუნაშვილი გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით 1:4 გახადა ანგარიში. მასპინძლებმა შესძლეს კიდევ ერთი გოლის გატანა, თავი გულვერდ თომაშვილმა გამოიჩინა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თამაზ მაქაცარია ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ანტონი სკრიბემ აჯობა მასპინძელთა შემტევს. ამის შემდეგ თორნიკე კირკიტაძემ იაქტიურა, სახიფათოდაც ჩააწოდა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ მატჩი 2:4 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას თბილისელები საქართველოს ჩემპიონატში 10 სექტემბერს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ, დინამო არენაზე გამართავენ.
ცხინვალი 2:4 დინამო
გოლი: 0:1 ცინცაძე (პენ) 18’ 0:2 კიტეიშვილი 36’ 1:2 დვალი 50’ 1:3 რენე სანტოსი 68’ 1:4 პაპუნაშვილი 71’ 2:4 თომაშვილი 73’
ცხინვალი: ნადირაძე, კახელიშვილი (გაბრიჩიძე 72), ქარდავა, მახარობლიძე, სულთანიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი (კაჭკაჭიშვილი 82), თომაშვილი, ცერცვაძე, ქოჩლაძე (მაქაცარია 62), დვალი
დინამო: სკრიბე, კირკიტაძე, ამისლუაშვილი, რენე, შპიჩიჩი, ცინცაძე, ალვარო, ჭანტურიშვილი (თევზაძე 74), პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ზარია 72), მიქელთაძე (პარუნაშვილი 55)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია