• Geo
  • Eng
12.07.2016
დინამო 2:0 ალაშკერტი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ერევნის ალაშკერტი 2:0 დაამარცხეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე იურაი იარაბეკი და აბრაჰამ ხაშმანიანი წარდგნენ.

იურაი იარაბეკი: მიზნად სწრაფი გოლის გატანა დავისახეთ რაც არ გამოვიდა, მეტოქე საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ეხერხება კონტრშეტევებზე თამაში. მეორე ტაიმი უკეთესი იყო ვიდრე პირველი. კარგი იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ანგარიში საკმაოდ მისაღებია, თუმცა ალაშკერტი სომხეთის ჩემპიონია და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ, სტუმრად სერიოზული ბრძოლა გველის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც თამაშის ბოლომდე აქტიურად გვიჭერდა მხარს. დინამო სწორედ გულშემატკივრისთვის თამაშობს.

აბრაჰამ ხაშმანიანი: დინამო თბილისი ფლობდა უპირატესობას და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი შინ თამაშობდნენ, ჩვენ თავიდანვე მეორე ნომრად ვარჩიეთ თამაში, გვქონდა რამდენიმე მომენტი, შეგვეძლო გოლის გატანა და თბილისიდან უკეთესი განწყობით წასვლა, თუმცა არ გამოვიდა. დინამოსთვის 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული ჯერ არაფერია. ბრწყინვალე სტადიონი გაქვთ, სასიამოვნო იყო აქ თამაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024