• Geo
  • Eng
18.11.2016
დინამომ თბილისური დერბი დიდი ანგარიშით მოიგო

დღეს დინამო არენაზე საქართველოს 28- ე ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს. ლოკომოტივის სწრაფ შეტევას ლუკა ზარანდიას დარტყმა მოჰყვა, ბურთი ბოლო წამს ნუკრი რევიშვილმა მოიგერია. საპასუხო შეტევაში კი ბექა მიქელთაძეს შეექმნა საგოლე სიტუაცია, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დინამოელთა კიდევ ერთი შეტევა და ხელიდან გაშვებული შანსი. ჯაბა ჯიღაურმა ითამაშა ტექნიკურად, მეკარესაც გაცდა, აი დარტყმული ბურთი კი სანტიმეტრებში აცდა ლოკომოტივის კარს. დინამომ შეხვედრაში ანგარიში 34- ე წუთზე გახსნა. ჯაბა ჯიღაურის ტექნიკურ გადაცემას გიორგი პაპუნაშვილი გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით აიღო რევაზ თევდორაძის კარი. პირველი ტაიმის ბოლოს ნუკრი რევიშვილმა ითამაშა კარგად, როდესაც ერთი ერთზე გასულ მეტოქის ფორვარდს გატანა არ დაანება. მეორე ტაიმის დებიუტში ვახო ჭანტურიშვილის სახიფათო ჩაწოდებას მეტოქის კართან სიტუაციის გამწვავება მოჰყვა, ბოლო წამს ბექა მიქელთაძეს დაასწრო მცველმა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. სათამაშო უპირატესობა მატჩის 53- ე წუთზე დინამოელებმა მეორე გატანილ გოლში ასახეს. ზუსტად ვახო ჭანტურიშვილმა ითამაშა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა. 61- ე წუთზე დინამოს ფორმით თავისი სადებიუტო გოლი ახალგაზრდა ბექა მიქელთაძემ გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. ცოტახანში ბექას კიდევ ერთხელ შეეძლო თავის გამოჩენა, როდესაც გიორგი პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ გავიდა მეკარესთან პირისპირ, რევაზ მაგრამ თევდორაძეს ვეღარ აჯობა. 79- ე წუთზე მასპინძლების მორიგი შეტევა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ოთარ კიტეიშვილის გამჭოლი გადაცემა და ჯაბა ჯიღაური მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კიპერს ვერ აჯობა, ამ დროს შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამ იაქტიურა, ბურთი ისევ ჯაბას მიუვიდა და მანაც ზუსტი დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა. ბოლო წუთებზე აკაკი ხუბუტია აქტიურობდა. პირველ შემთხვევაში კუთხურიდან ჩამოწოდებულს შეაგება თავი, ბურთი კი ოდნავ აცდა კარს, მეორედ კი მისი ძლიერი დარტყმული რევაზ თევდორაძემ მოიგერია. საბოლოოდ თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს თბილისელები ქუთაისში 26 ნოემბერს, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართავენ.

 

დინამო  4:0  ლოკომოტივი

 

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 34’  2:0 ჭანტურიშვილი 53’  3:0 მიქელთაძე 61’  4:0 ჯიღაური 79’ 

გაფრთხილება: მახარაძე 69’  ზარანდია 74’  რენე 82’ 

 

დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ხუბუტია, რენე, ლოჩოშვილი, ცინცაძე, კიტეიშვილი (ჩაკვეტაძე 85), პაპუნაშვილი (ნინუა 82), ჯიღაური, ჭანტურიშვილი, მიქელთაძე (ზარია 76)

ლოკომოტივი: თევდორაძე, გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი (კიკნაძე 60), კლიმიაშვილი (ქიქავა 79), კუხიანიძე, დიასამიძე, ხიდეშელი, მახარაძე, არდაზიშვილი (ვაწაძე 54), ზარანდია, უბილავა

 

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024