ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა დღეს ქართულ დერბის უმასპინძლა. შეხვედრაში დინამოელებმა სკამაოდ გაახალგაზრდავებული შემადგენლობა დააყენეს. ძირითად შემადგენლობაში ნიკა ნინუას დებიუტი შედგა, სათადარიგო სკამზე კი პირველად მოხვდნენ დავით კიკალიშვილი, ბექა ქავთარაძე, გიორგი კუცია და თამაზ ბაბუნაძე. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი სახიფათო მომენტიც მათ ანგარიშზეა. მატჩის დებიუტში თორნიკე კაპანაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. ამის შემდეგ დინამოელებმა გამოსწორეს სიტუაცია. მე- 19 წუთზე თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. გიორგი ზარიას და ბექა მიქელთაძის ტექნიკური და ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ბურთი კი ხარიხამ მოიგერია. ცოტახანში ჯაბა ჯიღაური მიჯრით ორჯერ დაემუქრა ტორპედოს კარს. პირველ შემთხვევაში მეკარემ იყოჩაღა და კუთხურზე მოიგერია ბურთი, მეორედ კი ბურთი ზემოდან გადაცდა მასპინძელთა კარს. მატჩის 31- ე წუთზე დინამოელთა იერიშებმა შედეგი გამოიღო, გიორგი ზარიამ ძლიერი დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. შეხვედრის 42- ე წუთზე გამოცდილმა გიორგი ლომაიამ ითამაშა კარგად, როცა ახლო მანძილიდან თორნიკე კაპანაძის დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმი ორივე გუნდმა ხისტად დაიწყო, თუმცა რეალური სახიფათო მომენტების გარეშე. 58- ე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო იერიში განახორციელეს, ბოლო დარტყმას ვაჟა ტაბატაძე ასრულებდა, ძლიერად, თუმცა ძალზე არაზუსტად. საპასუხოდ თბილისელთა შეტევაა აღსანიშნავი. გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაური გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვეღარ აჯობა მასპინძელთა კიპერს. მატჩის 78- ე წუთზე თბილისელთა კარი აშკარა ხიფათს გადაურჩა. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თორნიკე კაპანაძემ ახლო მანძილიდან შეაგება თავი, ბურთი სულ მცირედით აცდა გიორგი ლომაიას კარს. შეხვედრის კომპენსირებულ დროს კაპანაძეს კიდევ ერთხელ მიეცა საგოლე შანსი, მისი დარტყმული ისევ არაზუსტი გამოდგა. საბოლოოდ დინამომ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, თეთრ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში საბურთალოს შეხვდება. პირველი მატჩი 30 ნოემბერს შედგება.
ტორპედო 0:1 დინამო
გოლი: 0:1 ზარია 31’
გაფრთხილება: ფალავანდიშვილი 44’ ჭანტურიშვილი 58’ ჩაკვეტაძე 68’
ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ფალავანდიშილი, საღრიშვილი (ბაბუნაშვილი 57), კაპანაძე, ქიმაძე, ბურჯანაძე (კვერნაძე 63), გურული, ბენაშვილი (წილოსანი 71), ტუღუში
დინამო: ლომაია, ლოჩოშვილი, ხუბუტია, ჭელიძე, კობოური, ნინუა (ჩაკვეტაძე 61), ჭანტურიშვილი (კუცია 88), კიტეიშვილი, ჯიღაური, ზარია, მიქელთაძე (თევზაძე 81)
მსაჯი: ლაშა სილაგავა