• Geo
  • Eng
07.12.2016
50- ე შეხვედრის მოლოდინში

10 დეკემბერს საქართველოს 28- ე გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს მცირე ფინალში ერთმანეთის წინაშე დინამო ბათუმი და დინამო თბილისი წარსდგებიან. ზღვისპირელთა და მტკვრისპირელთა საიუბილეო 50- ე დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 13.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 49 მატჩიდან, 35- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 104/43 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და შვიდჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2016 წლის 2 აპრილს ქობულეთში ჩელე არენაზე გაიმართა, ჯაბა ჯიღაურის და გიორგი გურულის გოლებით, დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024