• Geo
  • Eng
07.08.2016
ჩიხურა - დინამო | მატჩამდე

უმაღლესი ლიგის 28- ე ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრას დინამოელები 2 აგვისტოს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, ხოლო დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. წინა სეზონში კი გუნდმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 57 ქულით ეროვნული გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. იასპარეზა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და და ზაბულ ბრძოლაში კიშინიოვის ზიმბრუსთან დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე- სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში რვა წლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით საჩხერის ჩიხურამ ორჯერ იასპარეზა ევრო თასებზე.

 

 

დინამომდე ...

საქართველოს 27- ე ჩემპიონატი საჩხერის ჩიხურამ მე- 4 ადგილზე დაასრულა და მას შემდეგ რაც დინამომ საქართველოს თასი მე- 13 აღმართა, ზემო იმერლებმა ავტომატურად მიიღეს უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საგზური. საჩხერლებს მეტოქეობა მოლდოვურმა ზიმბრუმ გაუწია და დრამატულ ორმატჩიან შეხვედრაში ბოლო წუთზე გატანილი გოლით აჯობა. კიშინიოვში ჩატარებული მატჩი ჩიხურამ 1:0 მოიგო, მაგრამ საპასუხო დაპირისპირებაში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა, მოლდოველებმა 3:2 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

 

 

ჩიხურა - დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 14 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 9 მოგება, 2 მარცხი და 3 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 37/10 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. ბოლოს კი ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 დასრულდა.

 

 

ჩიხურა - დინამო | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ- იორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და ლ. თოდრია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. ხარიტონაშვილი და გ. დოგრაშვილი იქნებიან. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა გიორგი ყრუაშვილმა, 21 ივლისს ევროპა ლიგაზე გამართული ლოკომოტივი ზაგრები 3:0 როპსი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას სამ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი, ორი ფეხბურთელიც მოედნიდან გააძევა.

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად  ამა წლის 18 მაისს იმსაჯა. საქართველოს თსის ფინალში, რომელშიც დინამომ ბოლნისის სიონი 1:0 დაამარცხა, მსაჯმა შვიდი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 58 თამაში / 231 ყვითელი / 10 წითელი / 13 პენალტი

პირველი ლიგა – 28 თამაში / 84 ყვითელი / 12 წითელი / 7 პენალტი

მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  10 თამაში / 32 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 4 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U19 ჩემპიონთა ლიგა - 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგის შესარჩევი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ. 

 

 ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჰამზიჩი – კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე – გრიგალაშვილი, ლექვთაძე, დობროვოლსკი, კორიფაძე  – ტატანაშვილი, ივანიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024