• Geo
  • Eng
10.12.2016
მარცხი დინამო ბათუმთან

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა საქართველოს 28- ე ჩემპიონატის ბრინჯაოს მცირე ფინალს უმასპინძლა. დინამო ბათუმი და დინამო თბილისი 50- ედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველი სახიფათო შეტევა თბილისელთა ჩაწოდებულ საჯარიმოს მოჰყვა, თუმცა ხუბუტიამ ითამაშა არაზუსტად. საპასუხოდ ბათუმელებმაც შეუტიეს და სათამაშო ინიციატივაც მოიპოვეს. მე- 16 წუთზე ზღვისპირელებმა გახსნეს ანგარიში. გიორგი ქავთარაძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს თეიმურაზ შონია გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით გოლი გაიტანა. საპასუხოდ გიორგი ზარიას ძლიერად დარტყმულია აღსანიშნავი, ბურთი კი ზემოდან გადაცდა მეტოქის კარს. 24- ე წუთზე ბათუმელთა სახიფათო შეტევა განხორციელდა. თბილისელები ორჯერ გადაურჩნენ გოლს. პირველ შემთხვევაში შონიას დარტყმული ბურთი ხარიხამ მოიგერია, მეორედ კი ელგუჯა ლობჯანიძემ ააცილა ახლო მანძილიდან. ტაიმის ბოლოს თბილისელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი ოთარ კიტეიშვილს გადააწოდა, მისი დარტყმული კი მეტოქის მცველმა ბოლო მომენტში კუთხურზე მოიგერია. მეორე ტაიმი დინამო თბილისემა ორი ცვლილებით განაახლა. მოედანზე ზაზა ჭელიძისა და ჯაბა ჯირაურის ნაცვლად დავით კობოური და გიორგი ჩაკვეტაძე შევიდნენ. ორიოდე წუთში გიორგი ზარიამ გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად. ბურთი ზევიდან გადაცდა ბათუმელთა კარს. ჩვენმა გუნდმა უმატა შეტევებს. 76- ე წუთზე ბათუმელთა სწრაფ კონტრშეტევას შონიას დარტყმა მოჰყვა. ბურთი დინამოს კარის ბადეს გარედან მოხვდა. საპასუხოდ გიორგი ჩაკვეტაძე ახლოს იყო მიზანთან, იგი საჯარიმოში შეიჭრა, მეტოქის მცველს ცრუ მოძრაობით გაცდა, ამ უკანასნელის ვარდნას კი ჩაკვეტაძის წაქცევა მოჰყვა. მსაჯმა არ მიიჩნია ეს ეპიზოდი წესების დარღვევად და ჩვენი ახალგაზრდა შემტევი სიმულაციისთვის გააფრთხილა. შეხვედრის ბოლო წუთებზე გიორგი პაპუნაშვიმა მოაწოდა კუთხური, ბურთს თავი შეტევაში წასულმა ნუკრი რევიშვილმა შეაგება, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ თარხნიშვილმა ბოლო მომენტში გადაარჩინა თავისი კარი. მეტი აღარაფერი შეცვლილა და დინამო ბათუმმა დინამო თბილისს 1:0 მოუგო.

 

დინამო ბათუმი  1:0  დინამო თბილისი

 

გოლი: 1:0 შონია 16’

გაფრთხილება: გოგიტიძე 67’  ცინცაძე 73’  ჩაკვეტაძე 78’  თევდორაძე 93’

 

დინამო ბათუმი: ტიმაფეევი, ტვილდიანი (ვარშანიძე 90), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა , ქავთარაძე (გორელიშვილი 56), გეგეჭკორი (თევდორაძე 86), ლობჯანიძე

დინამო თბილისი: რევიშვილი, თევზაძე (ნინუა 57), ლოჩოშვილი, ხუბუტია, ჭელიძე (კობოური 46), ცინცაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, ზარია, ჯიღაური (ჩაკვეტაძე 46), მიქელთაძე

 

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024