• Geo
  • Eng
09.08.2016
13 აგვისტო დინამოს ისტორიაში

შაბათს 13 აგვისტოს დინამო თბილისი საქართველოს პირველობის მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს და დინამო არენაზე ლანჩხუთის გურიას უმასპინძლებს. შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

 

13 აგვისტოს დინამო თბილისმა თავის ისტორიაში 11 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 5 შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 3-3 მატჩში კი ფრე და მეტოქის გამარჯვება დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 16/16.

 

1948 წელს დინამო მოსკოვში ადგილობრივ ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 1953 წელს თბილისელებმა კუიბიშევის კრილია სოვეტოვი მიიღეს და 2:1 აჯობეს. გოლები ბასა ღოღობერიძემ და ალიოშა კოტრიკაძემ გაიტანეს. 1970 წელს თბილისელებმა დონეცკის შახტიორი მიიღეს და დიდი ანგარიშით 4:1 დაჯაბნეს მეტოქე. გივი ნოდიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლიც სლავა მეტრეველმა და გურამ პეტრიაშვილმა გაიტანეს. 10 წლის შემდეგ ტაშკენტის პახტაკორთან ვითამაშეთ 1:1. ზუსტი დარტყმა ალექსანდრე ჩივაძის ანგარიშზეა. მომდევნო სამი სეზონი 13 აგვისტოს დინამომ სამჯერ ითამაშა და სამივე შეხვედრაში გოლები რამაზ შენგელიამ გაიტანა. ტაშკენტში პახტაკორთან 1:0 მოგებულ მატჩში, თბილისში მოსკოვის ცსკა- თან ნათამაშებ შეხვედრაში, რომელიც ყაიმით 1:1 დასრულდა და მოსკოვში სპარტაკთან 1:5 წაგებულ თამაშში. 1988 წელს დნეპროპეტროვსკში დინამომ უგოლო ფრე ითამაშა.

 

1997 წელს დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევერკუზენში ბაიერს დაუპირისპირდა და 1:6 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გერმანელთა კარში ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

 

1990 წელს საქართველოს პირველ ჩემპიონატში დინამო გორში დილას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მასპინძელი. თემურ ქეცბაიამ ორჯერ აიღო გორელთა კარი, ერთი გოლიც დავით ყიზილაშვილის ანგარიშზეა. 2011 წელს ვიტ ჯორჯიასთან ლევან კაკუბავას და მიკელ ალვაროს გოლებით, დინამომ 2:0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024