• Geo
  • Eng
07.08.2016
ფრე პირველ ტურში

დღეს ივანწმინდაში საქართველოს 28- ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაიმართა. გარდამავალი ჩემპიონატის სადებიუტო ტურში საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისი მიიღო. მატჩის დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა- შოთა კაშიამ და ალექსანდრე ამისულაშვილმა, ეროვნული ჰიმნის თანხლებით საქართველოს დროშა აღმართეს.

მატჩი აქტიურად დაიწყო. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მე- 19 წუთზე შეიქმნა. სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს, მოედნის ცენტრში მათე ცინცაძემ მიიღო ბურთი, წინ წაიწია და საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერად დაარტყა. ბურთი ნახტომში დინო ჰამზიჩმა მოიგერია. თამაში მშვიდ რიტმში გაგრძელდა. კიდევ ერთი სახიფათო მომენტი მატჩის მე- 40 წუთზე დაფიქსირდა. ოთარ კიტეიშვილი ერთი შეხებით და ძლიერად გზავნიდა ბურთს ჰამზიჩის კარისკენ. ბურთი მეკარეს მოხვდა და სიტუაციაც განიმუხტა. მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. 59- ე წუთზე სახიფათოდ თამაშობდა ვლადიმერ დვალიშვილი. მარცხენა ფლანგიდან სისწრაფეზე დაჯაბნა თავისი ვიზავი, დარტყმას კი სიზუსტე დააკლდა და ჩიხურას კარის ბადეს გარედან მოხვდა ბურთი. 76- ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი მასპინძელთა მეკარემ, როდესაც ჯაბა ჯიღაურის დარტყმული მოიგერია. თბილისელები თამაშის სადავეებს დაეუფლნენ. ორიოდე წუთში გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად, გაცდა რამდენიმე მეტოქეს, მაგრამ მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა. 83- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა მასპინძელთა კარი. გიორგი პაპუნაშვილის ჩამოწოდებულ კუთხურს, თავი მათე ცინცაძემ შეაგება. მიწიდან ასხლეტილი ბურთი კი ზემოდან გადაცდა ხარიხას. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

მეორე ტურის მატჩს დინამო 13 აგვისტოს თბილისში ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს.

 

ჩიხურა  0:0  დინამო

გაფრთხილება: კაშია 34’  სარდალიშვილი 35’  რენე 38’  გაბედავა 85’  ჭანტურიშვილი 90+2’

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი, ივანიშვილი (ლექვთაძე 86), ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (გაბედავა 57), დობროვოლსკი, კაშია, რეხვიაშვილი, დეკანოიძე (ტატანაშვილი 64)

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე, ალვარო, კიტეიშვილი (პარუნაშვილი 90), კურიე (ჭანტურიშვილი 55), პაპუნაშვილი, დვალიშვილი (ჯიღაური 68)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024