• Geo
  • Eng
01.11.2016
ნახევარფინალის წინ

ხვალ 2 ნოემბერს დინამო არენა საქართველოს თასის ნახევარფინალს უმასპინძლებს. დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის მოქმედი მფლობელი და რეკორდსმენი, ტორპედო ქუთაისს მიიღებს. მორიგი ქართული დერბი 16.00 საათზე დაიწყება და მისი რეპორტაჟის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს თასის გათამაშების ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ, თბილისელები კი არც ერთხელ არ დამარცხებულან. დინამოს 6 მოგება და 3 ფრე, გატანილი და გაშებული ბურთების ბალანსია 15/5 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. პირველად დინამო და ტორპედო 1992 წლის 29 აპრილს შეხვდნენ. ნახევარფინალური მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ქუთაისელებს გელა ინალიშვილმა და კახა კაჭარავამ გაუტანეს. საპასუხო პაექრობა ქუთაისში ფრედ 1:1 დამთავრდა, გოლი კი შოთა არველაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს მტკვრისპირელები და რიონისპირელები ისევ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 6 მაისს თბილისში შოთა არველაძის ჰეთ თრიქით დინამომ 3:0 იმარჯვა, ხოლო 14 მაისს ქუთაისში თბილისელებმა 3:1 მოიგეს. არჩილ არველაძემ ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს, ერთი ზუსტი დარტყმაც შოთა არველაძის ანგარიშზეა. ნახევარფინალურ სტადიაზე გაიმართა 2000 წელს ჩატარებული შეხვედრებიც. ორივე პაექრობა ფრედ დასრულდა. 2 მაისს თბილისში 1:1 (ვალტერ გუჩუას გოლით), 9 მაისს კი ქუთაისში უგოლოდ 0:0. თასზე მორიგი ქართული დერბი 2004 წლის 26 მაისს შედგა. ყიფიანის სახელობის ტიტულის ფინალში, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა თბილისელებმა ქუთაისელებს 2:1 აჯობეს. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები შოთა კაშიამ და ლევან სილაგაძემ  გაიტანეს. თასზე ბოლო ქართული დერბი 2015 წელს მეოთხედფინალურ სტადიაზე გაიმართა. 2 დეკემბერს მტკვრისპირელებმა ქუთაისში გიორგი ქვილითაიას ზუსტი თამაშით 1:0 მოიგეს, ხოლო 16 დეკემბერს დინამო არენაზე გიორგი ქვილითაიას და მათე ცინცაძის შედეგიანი თამაშით დინამომ 2:1 აჯობა რიონისპირელებს.

ხვალინდელ შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი გაუძღვება. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. სანოძე და დ. ხარიტონაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს. 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება: კვასხვაძე - მამასახლისი, გურული, ტაბატაძე, ქიმაძე - ბაბუნაშვილი, ტუღუში, დოლიძე, ფალავანდიშვილი - კვერნაძე, კაპანაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024