• Geo
  • Eng
14.10.2016
გურია - დინამო | მატჩამდე

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთში გურიას წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

1924 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთო კლუბის თავდაპირველი სახელწოდება- კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხოვრებას კიმის ნაცვლად- კოლმეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. გურიას საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორეს. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს. იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012/2013 სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და გურია

2016 წლის აგვისტოდან ლანჩხუთის გურიას თავკაცად უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ოლეგ ლეშჩინსკი მუშაობს. მისი გუნდი 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვილი 8 ქულით თეთრ ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

 

 

... დინამომდე

გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ტურში ლანჩხუთელებმა ცხინვალს უმასპინძლეს და გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ მეტოქეს. ამას მოჰყვა დინამო თბილისთან დიდი ანგარიშით 0:3 მარცხი, შემდეგ კი უგოლო ფრე ქობულეთის შუქურასთან. თასის 1/16 ფინალში გურიამ გაგრას მოუგო 2:1. შემდეგ იმავე ანგარიშით თბილისის ლოკომოტივთან დამარცხდა, რასაც ორი გამარჯვება მიყოლა- ტორპედო ქუთაისთან და ჩიხურა საჩხერესთან, ორივე შემთხვევაში 2:1. გურია თასის მერვედფინალში ვანის სულორთან 1:3 დამარცხდა. ბოლო ტურში კი ჩვენმა მეტოქემ 1:2 წააგო ცხინვალთან.

 

 

გურია - დინამო

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 30 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები დიდ უპირატესობას ფლობენ – 23 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი. ბურთების შეფარდებაც 86/21 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.

 

დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო გურულებს. 1992 წლის 27 აგვისტოს შოთა არველაძის პოკერს ორი გოლი არჩილ არველაძემ და გელა ინალიშვილმა მიამატეს. 1994 წლის 1 ოქტომბერს შოთა არველაძემ ჰეთ თრიქი შეასრულა, არჩილ არველაძემ დუბლი და ერთი გოლიც გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 1998 წლის 12 მაისს ლევან ხომერიკმა და დავით მუჯირმა გაუტანეს გურულებს 2-2 გოლი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი გივი დიდავამ და მიხეილ აშვეთიამ მოახერხეს. 1999 წლის 15 მაისს, დინამომ გურია 7:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი პაატა ჯინჭარაძის, გიორგი კიკნაძის, რატი ალექსიძის და შოთა ჩომახიძის ანგარიშზეა. 1994 წლის 2 აპრილს თბილისელებმა ხუთი უპასუხო გოლით იმარჯვეს. გოლები გაიტანეს: ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა.

 

უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 2016 წლის 13 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გოლები გურულთა კარში გიორგი პაპუნაშვილმა, ვახო ჭანტურიშვილმა და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

გურია - დინამო | მსაჯი

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრას ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. მაჩიტაძე და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ტ. რუხაი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა 10 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამართული ხობის კოლხეთი 3:0 ჩხერიმელა გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გოგა კიკაჩეიშვილმა ბოლოს 2016 წლის 16 აპრილს იმსაჯა. ჩიხურას წინააღმდეგ ივანწმინდაში გამართულ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (25 წლის)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 50 თამაში / 193 ყვითელი / 10 წითელი / 8 პენალტი

პირველი ლიგა – 98 თამაში / 384 ყვითელი / 35 წითელი / 28 პენალტი

მეორე ლიგა – 35 თამაში / 105 ყვითელი / 5 წითელი / 17 პენალტი

საქართველოს თასი - 14 თამაში / 42 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

მალტის პრემიერ ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

გურია - სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

იმერლიშვილი - ფილიპე, მეგრელიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი - ჭეჭელაშვილი, მოროზენკო, სტეფნიაშვილი, აბორე - დინიზი, ჭედია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024