დღეს ლანჩხუთში ძლიერი წვიმის ფონზე საქართველოს 28- ე პირველობის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა. გურიამ მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლა. შეხვედრის დებიუტში მასპინძელთა შემტევმა დენიზმა მაკრატელა დაარტყა, რომელიც ოდნავ აცდა სტუმართა კარს. რამდენიმე წუთში დინამოელებსაც ჰქონდათ სახიფათო შეტევა, ჯაბა ჯიღაურის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ბოლო წამს მიასწრო ლუკა ნოზაძემ და განმუხტა სიტუაცია. მომდევნო შეტევაში უკვე ჯიღაურის ტექნიკური ჩახვეული აცდა გურიას კარს სანტიმეტრებში. თანდათან სტუმართა ტერიტორიული უპირატესობაც გამოიკვეთა. 24- ე წუთზე გურიამ კონტრშეტევაზე ითამაშა ზუსტად, გიორგი ჭედიას დარტყმული კი ხელებში მიუვიდა ნუკრი რევიშვილს, რომელსაც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის რიგებში დებიუტი ჰქონდა. ცოტახანში რევიშვილმა დავით მეგრელიშვილის დარტყმული რთული საჯარიმოც მოიგერია. თავის გამოჩენა რატი იმერლიშვილმაც მოახერხა როცა მათე ცინცაძის საჯარიმო დარტყმა მოიგერია. ტაიმის ბოლოს ჯერ რევიშვილმა ითამაშა მოწოდების სიმაღლეზე, შემდეგ კი მთავარმა არბიტრმა რენე სანტოსი და გიორგი პაპუნაშვილი გააძევა მოედნიდან. გასახდელში კი გიორგი ჭედიასაც უჩვენა წითელი ბარათი. თბილისელებს წინ ურთულესი მეორე ტაიმი ელოდათ, რომელსაც ჩვენმა გუნდმა თავი მშვენივრად გაართვა. გურულები ბევრს უტევდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მასპინძლება ვერ შექმნეს, სამაგიეროდ დინამოელებმა პროდუქტიულად გამოიყენეს ოთხი საგოლე სიტუაციიდან ორი. 49- ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გახსნა ანგარიში, 72- ე წუთზე კი ზაზა ჭელიძემ მეორედ აიღო გურულთა კარი. საბოლოოდ მეტად საინტერესო პაექრობა დინამოს გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ოქტომბერს საქართველოს თასის ეგიდით დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.
გურია 0:2 დინამო
გოლი: 0:1 დვალიშვილი 49’ 0:2 ჭელიძე 72’
გაფრთხილება: რევიშვილი 25’ კიტეიშვილი 42’ ჭეიშვილი 42’ ცინცაძე 77’
გაძევება: რენე 45’ პაპუნაშვილი 45’ ჭედია 45’
გურია: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ჭეჭელაშვილი (სტეფნიაშვილი 55), მოროზენკო, კირკიტაძე, მეგრელიშვილი, ჭედია, დინიზი (ოლივეირა 50), მურაშოვი
დინამო: რევიშვილი, ჭელიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, რენე, ცინცაძე, პარუნაშვილი (თევზაძე 88), ჯიღაური, კიტეიშვილი (ველევი 46), პაპუნაშვილი, დვალიშვილი (მიქელთაძე 67)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი