• Geo
  • Eng
30.11.2016
საბურთალო - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 28- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი ოფის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე- საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალოს მესამე პოზიცია დაიკავა და პლეი ოფში დინამოს შეხვდა.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 19 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო წითელ ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა.

 

 

დინამომდე

საბურთალომ გარდამავალი ჩემპიონატი სიონთან 2:1 გამარჯვებით გახსნა. ამას მოჰყვა ფრე სამტრედიასთან 2:2, მარცხი თასზე ჩხერიმელასგან 1:2 და ჩემპიონატში ფოთის კოლხეთთან 0:1. შემდეგ იყო გამარჯვება დილასთან 2:1, და მარცხი ზუგდიდთან 0:1. ამას მოჰყვა ორი ფრე, შესაბამისად 0:0 ბათუმის დინამოსთან და 1:1 სიონთან. საბურთალო დამარცხდა სამტრედიასთან სამი უპასუხო ბურთით და 6:1 მოუგო კოლხეთს. უგოლო ფრე დილასთან, რასაც მიჯრით ორი გამარჯვება მოჰყვა- ზუგდიდთან 3:1 და ბათუმის დინამოსთან 1:0.

 

 

საბურთალო - დინამო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ ორჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორივე შემთხვევაში დინამოელებმა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოელები- გიორგი პაპუნაშვილი და რენე სანტოსი და საბურთალოელი- გიორგი ხარაიშვილი გამოტოვებენ.

 

 

საბურთალო - დინამი | მსაჯი

პლეი ოფის შეხვედრას საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს– ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. კაკაბაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ბ. გლუშჩუკი და გ. კიკაჩეიშვილი იქნებიან. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. დოგრაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ირაკლი კვირიკაშვილმა იმსაჯა 17 ნოემბერს პირველ ლიგაში, ხობის კოლხეთისა და მარტვილის მერანის დაპირისპირება გახლავთ, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. კვირიკაშვილმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი და ორი წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშილმა ბოლოს 2016 წლის 6 მარტს იმსაჯა მარტვილის მერანის წინააღმდეგ 2:0 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის ირაკლი კვირიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ირაკლი კვირიკაშვილი

დაბადების თარიღი: 1984 წლის 30 სექტემბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 32 თამაში / 154 ყვითელი / 9 წითელი / 5 პენალტი

პირველი ლიგა - 104 თამაში / 383 ყვითელი / 18 წითელი / 33 პენალტი

მეორე ლიგა - 47 თამაში / 158 ყვითელი / 18 წითელი / 16 პენალტი

საქართველოს თასი - 12 თამაში / 50 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

 

 

 

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ქურდაძე - გრიგალაშვილი, ხოსე კარასკო, მარგველაშვილი, ჩაბრაძე - კოხრეიძე, მამუჩაშვილი, იაშვილი, ალვინი - გონსალვეში, ფანცულაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024