• Geo
  • Eng
07.09.2016
დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები

კვირას 11 სექტემბერს, დინამო არენა საქართველოს პირველობის მეხუთე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას მიიღებს, მატჩი კი 18.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას და ტექსტურ რეპორტაჟს გულშემატკივარი დინამოს საიტზე იხილავს.

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 4 შეხვედრას ითვლის. ოთხივე მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც დინამოს სასარგებლოდაა - 11/1.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. წინა სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024