• Geo
  • Eng
10.09.2016
დინამო - შუქურა | მატჩამდე

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგ შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი  ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2015 წლის სექტემბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- თეიმურაზ შალამბერიძე მუშაობს. მისი გუნდი დასრულებულ ჩემპიონატში 35 ქულით მე- 10 ადგილზე გავიდა. საქართველოს თასზე კი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა.

 

 

დინამომდე

შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი ქუთაისში უგოლო ფრით გახსნა. შემდეგ ქობულეთური გუნდი სახლში დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან ანგარიშით 1:3. ამას მოჰყვა ლანჩხუთში გურიასთან ნათამაშები 0:0 და თასის მეთექვსმეტედფინალში ცხინვალის ლიახვთან წაგება 0:2. ბოლოს შუქურამ ცხინვალს უმასპინძლა და საკუთარ სტადიონზე 1:3 დათმო მატჩი.

 

 

დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 4 შეხვედრას ითვლის. ოთხივე მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც დინამოს სასარგებლოდაა - 11/1.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. წინა სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ქობულეთის შუქურას კაპიტანი- გიორგი ჩელებაძე გამოტოვებს.

 

 

დინამო - შუქურა  | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ- იორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. კაკაბაძე და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლიშჩუკი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 29 აგვისტოს საქართველოს პირველ ლიგაში გამართული მეშახტე 1:2 რუსთავი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას სამ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად ამა წლის 7 აგვისტოს ივანწმინდაში იმსაჯა. ფრედ 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში ყრუაშვილმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

იორგი ყრუაშვილი (დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი)

===========================================

უმაღლესი ლიგა – 61 თამაში / 244 ყვითელი / 10 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა – 29 თამაში / 87 ყვითელი / 12 წითელი / 8 პენალტი

მეორე ლიგა – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  10 თამაში / 32 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 4 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U19 ჩემპიონთა ლიგა - 2 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგის შესარჩევი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

შუქურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჯიოევი - ჭეჟია, მირცხულავა, მალანია, ჩაჩუა - არზიანი, საბაძე, კომახიძე, შალამბერიძე, მამულაშვილი - ბერიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024