კვირას 6 ნოემბერს ქობულეთი, საქართველოს პიველობის მეთორმეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. ჩელე არენაზე დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება, მატჩი კი 14.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი დინამოს საიტზე იხილავს.
ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 5 შეხვედრას ითვლის. ოთხი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა - 12/2.
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. წინა სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ბოლოს დინამო ზღვისპირელებს 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა.