• Geo
  • Eng
09.12.2016
ბრინჯაოს მცირე ფინალი - მატჩამდე

საქართველოს 28- ე ეროვნული ჩემპიონატის, ბრინჯაოს მცირე ფინალს  დინამო თბილისი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. გადამწყვეტი მატჩი 15.00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი აჭარა TV- ს და დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში, ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. შარშან ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად აპრილის შემდეგ ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- ლევან ხომერიკი მუშაობს. 2015/2016 სეზონში მისმა გუნდმა უმაღლესი ლიგა მერვე ადგილზე დაასრულა. ეხლახანს დასრულებულ რეგულარულ გათამაშებაში ბათუმელებმა წითელ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

 

 

დინამომდე

ბათუმელებმა გარდამავალი ჩემპიონატის რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს. წითელ ჯგუფში მათ ჩატარებული 12 მატჩიდან 20 ქულა დააგროვეს. ბრინჯაოს ნახევარფინალში ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედოს ორი მატჩის ჯამში აჯობა. ქუთაისში დასრულებული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ქობულეთში კი ზღვისპირელებმა იმარჯვეს 1:0 და მცირე ფინალის საგზურიც მიიღეს.

 

 

დინამო ბათუმი - დინამო თბილისი  | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 49 მატჩიდან, 35- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 104/43 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და შვიდჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2016 წლის 2 აპრილს ქობულეთში ჩელე არენაზე გაიმართა, ჯაბა ჯიღაურის და გიორგი გურულის გოლებით, დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

დინამო ბთ - დინამო თბ  | მსაჯი

შეხვედრას ბათუმელთა წინააღმდეგ- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. კიკაჩეიშვილი და ჯ. ხორავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 5 დეკემბერს პირველ ლიგაში გამართული სქური 0:0 მეშახტე გახლავთ. ვადაჭკორიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 2016 წლის 18 ნოემბერს, ლოკომოტივის წინააღმდეგ 4:0 დასრულებულ შეხვედრაში იმსაჯა, მატჩის მთავარ არბიტრს სამჯერ მოუწია ფეხბურთელების გაფრთხილება.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 176 თამაში / 702 ყვითელი / 37 წითელი / 47 პენალტი

პირველი ლიგა – 27 თამაში / 80 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი

მეორე ლიგა – 62 თამაში / 179 ყვითელი / 3 წითელი / 24 პენალტი

საქართველოს თასი – 17 თამაში / 64 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ტიმოფეევი - ტვილდიანი, სუხიაშვილი, კვირკველია, გეგეჭკორი - თარხნიშვილი, კვანტალიანი, შონია, გოგიტიძე  - ლობჯანიძე, მარიანოვიჩი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024