დღეს დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ყირგიზულმა აბდიშ-ათა იყო. თბილისელებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. მატჩის მე- 11 წუთზე ოთარ კვერნაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბა თავაძის ჩაწოდებულს ცუდად შეაგება თავი. მომდევნო შეტევაში საბას ჩაწოდებულ საჯარიმოს უკვე გია ჩადუნელი აგვირგვინებდა თავური დარტყმით, ბურთი მეტოქის კარის ბადეს გარედან მოხვდა. 25- ე წუთზე აბდიშ-ათას კარი ხარიხამ გადაარჩინა, როდესაც გიორგი ზარიას საჯარიმოდან დარტმული ბურთი აისხლიტა. ცოტა ხანში ჩვენი კარი გადაურჩა ხიფათს, როდესაც კუთხურიდან სახიფათოდ ჩამოწოდებულ ბურთს ვერავინ შეწვდა. მალე დინამომ ანგარიში გახსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტმით აიღო მეტოქის კარი. პირველი ნახევრის ბოლოს ჩადუნელი აქტიურობდა, ბურთი მცირედით აცდა მეტოქის კარს. დინამომ მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტი დავით კობოურის დარტყმას მოჰყვა. მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შემდეგი შეტევა დინამომ გოლით დაასრულა. ჩაკვეტაძისა და კუციას კომბინაცია ამ უკანასკნელი ზუსტი და ტექნიკური დარტყმით დაგვირგვინდა. ორიოდე წუთში თბილისელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. ჩაკვეტაძის დარტყმული სანტიმეტრებში აცდა კარს. 72- ე წუთზე გიორგი კუცია ამწვავებდა თამაშს, მისი მოჭრილი დარტმა მცირედით აცდა შორეულ ცხრიანს. ამის შემდეგ ცარიელ კართან მყოფმა ოთარ კვერნაძემ ძელს გაარტყა ბურთი. ხუთიოდე წუთში იმავე კვერნაძემ კარგად ითამაშა, მეტოქესაც გაცდა, მაგრამ დარტყმული ისევ არაზუსტი გამოდგა. 89- ე წუთზე მეტოქის ფორვარდმა მცველების უყურადღებობით ვერ ისარგებლა და არაზუსტოდ დაარტყა. ეს იყო მეტოქის ერთადერთი რეალურად სახიფათო მომენტი. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი დინამოს სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.
ამით დინამომ დაასრულა თურქული შეკრება. გუნდი სამშობლოში ხვალ გაემგზავრება.
დინამო 2:0 აბდიშ-ათა
გოლი: 1:0 ჩაკვეტაძე 36’ 2:0 კუცია 53’
დინამო: ლიტოვჩენკო (ბეგაშვილი 46), კობოური, ლოჩოშვილი, გველესიანი, ჩადუნელი, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, თავაძე, კუცია, კვერნაძე
აბდიშ-ათა: აკიმაშევი, ჟიტანოვი, კარინოვი, მანობეკოვი, კუზდიაკინი, სორიგენკო, კუხარენკოვი, ჯუმაბაევი, სატიევი, ტემირბაევი, სარდარბეკოვი