• Geo
  • Eng
05.03.2017
დინამომ სეზონი გამარჯვებით გახსნა

დღეს დინამო არენამ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას უმასპინძლა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი მიიღო და პირველობა გამარჯვებით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი ბაჩანა არაბულის შორიდან დარტყმულს მოჰყვა, ბურთი მეკარემ მოიგერია. მასპინძლებმა 26- ე წუთზე გახსნეს ანგარიში. ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებულს არაბულმა თავი შეაგება და ზუსტი დარტყმით აიღო გაბრიელ თებიძის კარი. მატჩის 34- ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანის დარტყმული მცირედით აცდა დინამოს კარს. ცოტახანში პაპუნაშვილმა შეასრულა საჯარიმო, არაბულის თავით დარტყმული არაზუსტი გამოდგა, მომდევნო შეტევაში კი ოთარ კიტეიშვილის დარტყმას არ ეყო ძალა და ბურთი თებიძის ნადავლი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა. მატჩის მეორე ნახევარი უფრო ხისტად დაიწყო. ბევრი ორთაბრძოლა იყო მოედნის ცენტრში. მატჩის 73- ე წუთზე მასპინძლებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. ბოგდან მიშენკოს მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს თოთაძე დაუხვდა, რომელმაც მიქელთაძეს გადააწოდა, ბექას დარტყმული მცირედით აცდა ფოთელთა კარს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ორი საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელეს. მიკოლა კოვტალიუკის შორიდან დარტყმული სერგეი ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია. ჩამოწოდებულ კუთხურს დინამოს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ ბურთი გიორგი ბუხაიძეს მიუვიდა, მისი დარტყმული კი თბილისელთა კიპერმა გააქვავა. საბოლოოდ დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. მომავალ მატჩს ჩვენი გუნდი 11 მარტს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარებს. თბილისური დერბი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

დინამო  1:0  კოლხეთი

გოლი: 1:0 არაბული 26’ 

გაფრთხილება:  ვ. კილასონია 37’  ჟიშკარიანი 59’  მიშენკო 60’  გველესიანი 65’  თოთაძე 66’  ზარია 76’ 

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, თოთაძე, გველესიანი, სალუქვაძე, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი (ჩაკვეტაძე 75), მიქელთაძე, პაპუნაშვილი (კუცია 83), არაბული

კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, კერძევაძე (შალიკაშვილი 80), ქებურია, დაფე (ბუხაიძე 71), ოუმა, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, კოვტალიუკი, ენდელაძე (ლუკავა 46), ვ. კილასონია

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024