• Geo
  • Eng
30.09.2016
დინამო - ჩიხურა | მატჩამდე

უმაღლესი ლიგის 28- ე ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას დინამოელები 1 ოქტომბერს დინამო არენაზე საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 18.00 დაიწყება, ხოლო დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის მეშვეობით იხილავთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მესამე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. წინა სეზონში კი გუნდმა 30 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 57 ქულით ეროვნული გათამაშება მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. იასპარეზა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და და ზაბულ ბრძოლაში კიშინიოვის ზიმბრუსთან დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე- სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში რვა წლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით საჩხერის ჩიხურამ ორჯერ იასპარეზა ევრო თასებზე. მიმდინარე პირველობაზე სოსო ფრუიძის გუნდი დაგროვებული 13 ქულით გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

 

 

დინამომდე ...

საქართველოს 28- ე ჩემპიონატი საჩხერის ჩიხურამ ჩვენს გუნდტან უგოლოდ ნატამაშები ფრით გახსნა. შემდეგ იყო გამარჯვებები ქობულეთის შუქურასთან 3:1, თბილისის ლოკომოტივთან 3:2 და ქუთაისის ტორპედოსთან 3:0. ამას მოჰყვა მარცხი გურიასთან 1:2 და ისევ ორი გამარჯვება. საქართველოს თასზე ხობის კოლხეთთან 3:1 და ბოლო ტურში ცხინვალთან 2:1.

 

 

ჩიხურა - დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 15 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 9 მოგება, 2 მარცხი და 4 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 37/10 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. ბოლოს ისევ ივანწმინდამ უმასპინძლა ამ გუნდებს. 7 აგვისტოს ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

 

დინამო  - ჩიხურა | მსაჯი

შეხვედრას ჩიხურას წინააღმდეგ- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ბ. ჭიჭინაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. ხარიტონაშვილი და გ. კიკაცეიშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 28 სექტემბერს, უეფას ახალგაზრდულ ლიგაში გამართული როსტოვი 0:6 ეინდჰოვენი გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2016 წლის 17 სექტემბერს, თბილისურ დერბიში იმსაჯა ლოკომოტივის წინააღმდეგ 0:0 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 181 თამაში / 626 ყვითელი / 29 წითელი / 28 პენალტი

პირველი ლიგა - 12 თამაში / 42 ყვითელი / 0 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 30 თამაში / 83 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ლიგა – 5 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი- რენე სანტოსი დააკლდება. 

 

 ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჰამზიჩი – კაშია, გრიგალაშვილი, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე – დეკანოიძე, ლექვთაძე, დობროვოლსკი, განუგრავა  – ტატანაშვილი, გაბედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024