• Geo
  • Eng
02.04.2017
დინამომ სამტრედიას აჯობა

დღეს სამტრედიაში ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამო თბილისს უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი მატჩის მეხუთე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს. დავით ჩაგელიშვილმა ძლიერად დაარტყა, ბურთს სერგეი ლიტოვჩენკო ადგილზე დახვდა. საპასუხოდ ბექა მიქელთაძე ამწვავებდა შეტევას, მაგრამ მისი ჩაწოდებული არაზუსტი აღმოჩნდა. მომდევნო შეტევაში კი მასპინძლები გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა. საბა ლობჟანიძე ტექნიკური დარტყმით სამტრედიის კარში გზავნიდა ბურთს. მე- 14 წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა სამტრედიის კარი. მიქელთაძის ზუსტ ჩაწოდებულს ლობჟანიძე აგვირგვინებდა, მაგრამ მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და მიგინეიშვილმა განმუხტა სიტუაცია. ნახევარი საათი იყო გასული თამაშის დაწყებიდან, როდესაც ლობჟანიძის ჩამოწოდებულ კუთხურს ბაჩანა არაბულმა შეაგება თავი, მისი დარტყმული უზუსტო გამოდგა. 39- ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილი დინამოს კიპერის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ აჯობა ლიტოვჩენკოს, ერთ წუთში კი სტუმართა შეტევა შედეგიანად დაგვირგვინდა. ბოგდან მიშენკოს მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი ლაშა თოთაძემ თავით ბექა მიქელთაძეს დაუგდო, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი ისევ მასპინძლებმა შექმნეს. 55- ე წუთზე საკმაოდ სახიფათო პოზიციიდან გიორგი დათუნაიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კედელში მდგომმა ფეხბურთელებმა მოიგერიეს და სახიფათო სიტუაციაც განმუხტეს. 62- ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილმა საჯარიმოს კუთხიდან დაარტყა, ბურთი კი დინამოელთა კარის ხარიხამ მოიგერია. 69- ე წუთზე თბილისელთა კარი ხიფათისგან სერგეი ლიტოვჩენკომ იხსნა. დინამოელთა კიპერმა გიორგი დათუნაიშვილის ცხრიანში დარტყმული საჯარიმო კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 72- ე წუთზე დედაქალაქელებმა კარის აღების რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. კონტრშეტევაზე მოთამაშე ბაჩანა არაბულმა ერთი ერთზე გაიყვანა საბა ლობჟანიძე, მისი დარტყმული კი სანტიმეტრებში აცდა სამტრედიის კარს. სამ წუთში დინამომ მეორე გოლი გაუტანა სამტრედიას. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი პაპუნაშვილმა თითქმის მოედნის ცენტრიდან საჯარიმო ჩააწოდა, ბურთს საბა ლობჟანიძე გამოეხმაურა და ორამდე გაზარდა დედაქალაქელთა უპირატესობა. საბოლოოდ დინამოელებმა 2:0 აჯობეს მასპინძლებს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 აპრილს დინამო არენაზე საჩხერის ჩიხურასთან გამართავს.

 

სამტრედია  0:2  დინამო

 

გოლი: 0:1 მიქელთაძე 40’  0:2 ლობჟანიძე 75’ 

გაფრთხილება: მიშენკო 27’  გველესიანი 54’  თოთაძე 64’  ჩაგელიშვილი 67’ 

 

სამტრედია: მიგინეიშვილი, სუხომლინოვი (მჭედლიშვილი 46), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, კასრაძე (ჯიქია 58), მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი, სამუშია (ბერიაშვილი 68)

დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გველესიანი, ლოჩოშილი, მიშენკო (სალუქვაძე 89), ქარდავა, ზარია, მიქელთაძე, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 68), არაბული (კუცია 84)

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024