• Geo
  • Eng
24.02.2014
დინამო VS სიონი – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. 26 თებერვალს მატჩი თბილისში, დინამო არენაზე 17:00 საათზე გაიმართება.

 

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 50 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 127/23 არის.

 

 

დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.

 

 

დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 6 ოქტომბერს შედგა. რუსთავში, ფოლადის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი – დინამო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს, საპასუხოდ კი ერთი მიიღეს. ბოლნისელთა კარში სამი გოლი რუმინელმა დორინ გოგამ შეაგდო, ერთი გოლი კი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა. ბოლნისელთაგან თავი თორნიკე აფციაურმა გამოიჩინა.

26 თებერვალს დინამოელებს სულ ორი ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2010 წელს ზესტაფონში გურამ კაშიას გოლით 1:0 იმარჯვა დინამომ. 2012 წელს კი დინამო არენაზე ანგარიშით 5:1 დავამარცხეთ ზუგდიდის ბაია. გოლები გაიტანეს: კოშკაძემ, კოტომ, მერებაშვილმა, ძარიამ და გოგუამ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024