დღეს ქობულეთში ჩელე არენაზე ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტში ორი კუთხურიც ჩამოაწოდეს, ბექა მიქელთაძე ემუქრებოდა მასპინძელთა კარს, მაგრამ დარტყმა არ გამოდგა ძლიერი. ამის შემდეგ ბაჩანა არაბულიც ცდილობდა თამაშის გამწვავებას, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მე- 16 წუთზე თბილისელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. ბოგდან მიშენკომ სახიფათოდ ჩააწოდა, ბურთს კი ბოლო მომენტში ბაჩანა არაბული ვერ შეწვდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულს ლაშა სალუქვაძე გზავნიდა ანატოლი ტიმოფეევის კარში, ბათუმელთა გუნდი ხარიხამ იხსნა. მომდევნო შეტევაში სერგეი ლიტოვჩენკომ იყოჩაღა, როდესაც გიორგი ქავთარაძის ახლოდან დარტყმული მოიგერია. ცოტახანში ლიტოვჩენკომ თორნიკე თარხნიშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე უკუაგდო. პირველი ნახევარი ესე დასრულდა. მეორე ტაიმი დედაქალაქელებმა სახიფათო მომენტით გახსნეს. გიორგი პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ საბა ლობჟანიძე გზავნიდა ბურთს ბათუმელთა კარში, ბოლო მომენტში მასპინძელთა კიპერმა იყოჩაღა. 10 წუთში უკვე თბილისელთა კარი იხსნა კიპერმა თეიმურაზ შონიას ტექნიკური დარტყმის შემდეგ. შეხვედრის 75- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად, შეიჭრა საჯარიმოში, ცრუ მოძრაობით მცველიც ჩამოიტოვა და გამჭოლად დაარტყა, ბურთს სულ მცირედით საბა ლობჟანიძე ვერ შესწვდა და მასპინძელთა კარი ხიფათს გადარჩა. ათ წუთში ლობჟანიძის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ოთარ კიტეიშვილს უკეთ თამაში მართებდა, საბოლოოდ ბურთი მეკარეს დარჩა. დედაქალაქელებმა შეხვედრის 90- ე წუთზე მაინც მოახერხეს გოლის გატანა. ჩაკვეტაძემ მარცხენა ფრთაზე ლობჟანიძეს გააყოლა ბურთი, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და მიქელთაძეს გადააწოდა. ბექამ შანსი აღარ გაუშვა ხელიდან და დინამოს ზუსტი დარტყმით სამი ქულა მოუტანა. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 13 აპრილს დინამო არენაზე, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო ბათუმი 0:1 დინამო თბილისი
გოლი: 0:1 მიქელთაძე 90’
გაფრთხილება: სალუქვაძე 60’ თარხნიშვილი 90+3’
დინამო ბთ: ტიმოფეევი, სუხიაშვილი, გოგიტიძე, კვირკველია (მგელაძე 70), კენედი, თევდორაძე (შონია 46), თარხნიშვილი, ქავთარაძე, ფარტენაძე, კვასოვი (ფლამირიონი 64), ფონიავა
დინამო თბ: ლიტოვჩენკო, მიშენკო, სალუქვაძე, გველესიანი, ლოჩოშვილი, ქარდავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე (ქაფიანიძე 94), პაპუნაშვილი (ზარია 81), არაბული (ჩაკვეტაძე 59)
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი