• Geo
  • Eng
05.11.2016
შუქურა - დინამო | მატჩამდე

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის ტელევიზიით იგეგმება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯდერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი  ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2016 წლის ოქტომბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გია გურული მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 11 ქულით თეთრ ჯგუფში მეოთხეა.

 

 

დინამომდე

შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი ქუთაისში უგოლო ფრით გახსნა. შემდეგ ქობულეთური გუნდი სახლში დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან ანგარიშით 1:3. ამას მოჰყვა ლანჩხუთში გურიასთან ნათამაშები 0:0 და თასის მეთექვსმეტედფინალში ცხინვალის ლიახვთან წაგება 0:2. ბოლოს შუქურამ ცხინვალს უმასპინძლა და საკუთარ სტადიონზე 1:3 დათმო მატჩი. ქობულეთელებმა ჩვენს გუნდთან ფრედ 1:1 ითამაშეს, შემდეგ დამარცხდნენ ლოკომოტივთან 0:1 და აჯობეს ტორპედოს 2:1. ამას მოჰყვა ფრე ჩიხურასთან 1:1, გამარჯვება გურიასთან 3:1 და უგოლო ფრე ცხინვალთან 0:0.

 

 

შუქურა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 5 შეხვედრას ითვლის. ოთხი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა - 12/2.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. წინა სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. ბოლოს დინამო ზღვისპირელებს 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო დინამოელები- ვლადიმერ დვალიშვილი და ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოტოვებენ.

 

 

შუქურა  - დინამო | მსაჯი

საქართველოს XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ- დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ზ. ფიფია და ი. უკლება გაუწევენ. დამხმარე ასისტენტები ტ. რუხაია და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა 30 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული სიონი 2:0 დილა გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2016 წლის 13 აგვისტოს იმსაჯა. გურიას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ერთხელ გამოიყენა ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი (35 წლის)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 142 თამაში / 479 ყვითელი / 25 წითელი / 34 პენალტი

პირველი ლიგა - 37 თამაში / 99 ყვითელი / 5 წითელი / 7 პენალტი

მეორე ლიგა - 50 თამაში / 76 ყვითელი / 5 წითელი / 25 პენალტი

საქართველოს თასი - 22 თამაში / 60 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

შუქურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჯიოევი - ჭეჟია, მირცხულავა, ჯაფარიძე, ჩაჩუა - არზიანი, კუტალია, კომახიძე, შალამბერიძე - ჩელებაძე, ბერიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024