13 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება.
13 აპრილს დინამოს თავის ისტორიაში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. ორი მოგება და ორი ფრე, ბურთების ბალანსი კი 7/4 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
1984 წელს დინამომ ოდესის ჩერნომორეცი მიიღო და ფრედ 1:1 ეთამაშა მეტოქეს. გოლი უკრაინელთა კარში ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა. 2002 წელს თბილისური დერბი დინამოს გამარჯვებით 2:0 მორჩა. გოლები ლოკომოტივის კარში გიორგი ანჩაბაძემ და გიორგი მიქაძემ გაიტანეს. 2007 წელს თბილისელებმა ზესტაფონი მიიღეს. 2:2 დასრულებულ პაექრობაში თავი სანდრო იაშვილმა და გიორგი ფეიქრიშვილმა გამოიჩინეს. მომდევნო წელს ჩვენმა გუნდმა ამერი მიიღო. დინამომ მიხეილ ხუციშვილის და დავით ოდიკაძის გოლებით 2:1 დაამარცხა მეტოქე.