• Geo
  • Eng
17.11.2016
თბილისური დერბი - მატჩამდე

საქართველოს 28- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი 17.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.

ლოკომოტივი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს საშინაო მატჩებს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.

 

 

მწვრთნელი და ლოკომოტივი

2016 წლის ოქტომბრიდან თბილისის ლოკომოტივს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობს. მის გუნდს თეთრ ჯგუფში ჩატარებული 10 მატჩიდან 14 ქულა აქვს დაგროვილი და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

ლოკომოტივმა გარდამავალი ჩემპიონატი ქუთაისის ტორპედოსთან უგოლო ფრით გახსნა. ამას მოჰყვა მარცხი საჩხერის ჩიხურასთან 2:3. შემდეგ თასის გათამაშებაში ლოკომოტივმა ვიტ ჯორჯიას აჯობა 1:0, დაამარცხა გურია 2:1 და იმავე ანგარიშით სძლია ცხინვალს. შემდეგ იყო უგოლო ფრე თბილისურ დერბიში და სამი უპასუხო გოლით გამარჯვება ცხინვალის ლიახვთან საქართველოს თასზე. ამას მოჰყვა გამარჯვება 1:0 შუქურასთან. წარმატების მერე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მიჯრით ოთხი მარცხი განიცადა. ქუთაისის ტორპედოსთან 0:3, საქართველოს თასზე 1:3 დინამოსთან, 1:4 საჩხერის ჩიხურასთან და 0:1 ლანჩხუთის გურიასთან. ბოლო შეხვედრაში ცხინვალთან ლოკომოტივმა 2:0 იმარჯვა.

 

 

დინამო VS ლოკომოტივი

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 42- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 24- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 12 მატჩი ყაიმით დასრულდა და 6 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 60/23 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ორჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ- თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ, 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა. 12 ნათამაშები ყაიმიდან კი 11 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში. ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის 17 სექტემბერს შედგა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. 19 ოქტომბერს კი დინამომ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში მიიღო ტრადიციული მეტოქე და 3:1 მოუგო. ოთარ კიტეიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დინამო თბილისის თავდამსხმელი- ვლადიმერ დვალიშვილი გამოტოვებს.

 

 

დინამო - ლოკომოტივი | მსაჯი

შეხვედრას ლოკომოტივის წინააღმდეგ- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 13 ნოემბერს პირველ ლიგაში გამართული რუსთავი 4:2 მარკ სტარსი გახლავთ. ვადაჭკორიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 1 ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 2016 წლის 21 აგვისტოს, ცხინვალის წინააღმდეგ 4:2 დასრულებულ შეხვედრაში იმსაჯა, მატჩის მთავარ არბიტრს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 173 თამაში / 692 ყვითელი / 35 წითელი / 47 პენალტი

პირველი ლიგა – 26 თამაში / 78 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი

მეორე ლიგა – 62 თამაში / 179 ყვითელი / 3 წითელი / 24 პენალტი

საქართველოს თასი – 16 თამაში / 59 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

 

 

ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე - გეთიაშვილი, გაბაძე, ხიდეშელი, ფოფხაძე - დიასამიძე, კლიმიაშვილი, უბილავა, კუხიანიძე - ზარანდია, ჩაგელიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024