გრძელდება ლარაში მიმდინარე შეკრება. მეთექვსმეტე დღეს ვიაჩესლავ გროზნიმ ინტენსიური დატვირთვით მხოლოდ დილით ავარჯიშა გუნდი, საღამოს კი თეორიული მეცადინეობა ჩაუტარა თბილისელებს, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა სატრენაჟორო დარბაზში გააგრძელეს ვარჯიში. 1 თებერვალს დინამოელები მესამე ტესტ მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე მაკედონიის სამგზის ჩემპიონი - სილექსი იქნება.
სილექსი 1965 წელს დაარსდა და თავის საშინაო მატჩებს 3000 მაყურებელზე გათვლილ გრადსკი სტადიონზე ატარებს. გუნდის ფერები წითელსა და ლურჯშია გადაწყვეტილი. 2015-2016 სეზონი სილექსმა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლები ირგუნა. საუკეთესო პერიოდი კი გუნდს 90- იან წლებში ჰქონდა, როცა კრატოვოს გუნდმა 1994 წლიდან 1998 წლის ჩათვლით სამჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ კი თასი მოიპოვა.
შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.