• Geo
  • Eng
25.11.2016
ქართული დერბი - მატჩამდე

საქართველოს 28- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართული დერბი 26 ნოემბერს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 14.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა ძირითადად შავ, მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ– ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს.

 

 

მწვრთნელი და ტორპედო

2016 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახაბერ ჩხეტიანი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა. მიმდინარე პირველობაზე ტორპედოს 11 ჩატარებული მატჩიდან 15 ქულა აქვს დაგროვილი და თეთრი ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

მიმდინარე გარდამავალი პირველობა ტორპედომ ქობულეთის შუქურასთან უგოლო ყაიმით გახსნა. ასევე 0:0 დასრულდა მატჩი თბილისში ლოკომოტივთან. ტორპედომ თასის 1/16 ფინალში წყალტუბოს სამგურალი დაამარცხა 4:1, რასაც ჩიხურასთან სამი უპასუხო ბურთით მარცხი მიაყოლა. შემდეგ იყო წაგება გურიასთან 1:2 და გამარჯვება ცხინვალთან 3:1. ბოლო მატჩი ქუთაისელებმა თასის მერვედფინალში ჩაატარეს და ოდიში 1919- ს 4:3 აჯობეს. ამას მოჰყვა უგოლო ფრე ქართულ დერბიში, მარცხი შუქურასთან 1:2 და გამარჯვება ლოკომოტივთან 3 უპასუხო გოლით. თასის მეოთხედფინალსი ტორპედომ ვანის სულორს 1:0 მოუგო, ხოლო ჩემპიონატჩსი ჩიხურასთან 1:2 დამარცხდა. თასის ნახევარფინალის დრამატულ ბრძოლაში ტორპედომ 3:2 ჩვენი გუნდი დაამარცხა, ამას მოჰყვა 5:0 გამარჯვება გურიასთან, 2:1 ცხინვალთან და 2:1 თასის ფინალში მარტვილის მერანთან.

 

 

ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 63- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 62 მატჩიდან,  31- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 107/60 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.

ქუთაისელებს თბილისელი ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ოთხ წელიწადზე მეტია არ დაუმარცხებიათ. ბოლოს ტორპედომ 2012 წლის 6 მაისს იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2016 წლის 25 სექტემბერს თბილისში გაიმართა, გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო თბილისელთა შემადგენლობიდან ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და რენე სანტოსი გამოტოვებენ.

 

 

ტორპედო - დინამო | მსაჯი

63- ე ქართულ დერბის- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი პ. მაჭარაძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 20 ნოემბერს, უმაღლეს ლიგაში გამართული საბურთალო 3:1 ზუგდიდი გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2016 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თასზე თბილისურ დერბიში იმსაჯა ლოკომოტივის წინააღმდეგ 3:1 დასრულებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 187 თამაში / 650 ყვითელი / 29 წითელი / 30 პენალტი

პირველი ლიგა - 17 თამაში / 60 ყვითელი / 1 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 31 თამაში / 85 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ლიგა5 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კვასხვაძე - გურული, მამასახლისი, ტაბატაძე, ქიმაძე - ბაბუნაშვილი, ფალავანდიშვილი, დოლიძე, ტუღუში - კაპანაძე, კვერნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024