• Geo
  • Eng
04.02.2017
პირველი შეკრების ბოლო სპარინგი

დინამო თბილისმა პირველ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ოდესის ჩერნომორეცი იყო, რომელიც უკრაინის ჩემპიონატში 18 ჩატარებული ტურის შემდეგ მე-7 პოზიციაზეა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, ძლიერი წვიმის მიუხედავად გუნდები მაღალ ტემპში თამაშობდნენ. შეხვედრის დებიუტში, ოდესელებმა კუთხური მოაწოდეს, საჯარიმოში ყველას ექს-დინამოელმა დავით ხოჭოლავამ დაასწრო და ყოფილ გუნდს გაუტანა. თბილისელები მალევე გააქტიურდნენ, რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მე- 11 წუთზე კი საწადელს მიღწიეს და სტატუს-ქვო აღადგინეს. ოთარ კიტეიშვილის ზუსტ გადაცემას, მეტოქის საჯარიმოში გიორგი გველესიანი გამოეხმაურა, ტექნიკურად დაამუშავა ბურთი და ზუსტი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. რამდენიმე წუთში დინამოელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა საბა ლობჟანიძეს მეტოქის მეკარემ აჯობა. 23- ე წუთზე ოდესელებმა ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლეს და ალეკსეი ხობლენკომ მეორედ აიღო თბილისელთა კარი. დინამომ გაშვებული გოლის მერე კვლავ საკმაოდ სწრაფად იგდო ინიციატივა ხელთ, გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი პაპუნაშვილს. მეორე ნახევარი ჩერნომორეცის უპირატესობით დაიწყო, კარგად თამაშობდა სერგეი ლიტოვჩენკო, დინამოელებმა მალევე გაათანაბრეს თამაში და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, აღსანიშნავია კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის დარტყმები, რომლებიც მცირე მანძილით აცდა მეტოქის კარს. დინამოელები განსაკუთრებით ბოლო წუთებში აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოხერხდა. ამით დინამომ დაასრულა პირველი შეკრება და ხვალ თბილისში გაემგზავრება. გუნდი რამდენიმე დღე დაისვენებს და 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს დაუბრუნდება მეორე შეკრების გასავლელად.

 

დინამო 1:2  ჩერნომორეცი

გოლები: 0:1 ხოჭოლავა 3’  1:1 გველესიანი 11’  1:2 ხობლენკო 23’

 

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, გველესიანი, ჩადუნელი, ქარდავა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, არაბული

შეცვლაზე შევიდნენ: კვერნაძე, მიქელთაძე

ჩერნომორეცი: კანევცევი, ლიულკა, კაპლიენკო, ხოჭოლავა, მარტინენკო, სმირნოვი, ანდრიევსკი, კორკიშკო, კაბაევი, კოვალეცი, ხობლენკო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024