თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა, მესამე ამხანაგური მატჩი მაკედონიურ სილექსთან გამართა, რომელიც ლოკალური მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, წინა სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო მიმდინარე გათამაშებაში 18 ტურში მოპოვებული 24 ქულით, მეხუთე ადგილს იკავებს.
პირველი ნახევარი დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, ჩვენს გუნდს რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გახსნა, სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა საბა ლობჟანიძემ, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მალევე, კუთხურის შემდეგ გველესიანს მართებდა გოლის გატანა, თუმცა მცირედით ააცილა მეტოქის კარს. ტაიმის მეორე ნახევარში, ჩვენს გუნდს კიდევ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გახსნა- კიტეიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლობჟანიძეს უმტყუნა მიზანმა, ხოლო ჩაკვეტაძის წამოწყებული კომბინაცია არაბულმა ვერ დააგვირგვინა ზუსტად. სილექსმა პირველ ნახევარში ერთადერთხელ შეუტია დინამოელთა კარს, სუსტ დარტყმულს ლიტოვჩენკო მარტივად გაუმკლავდა.
მაკედონიელები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ მეორე ნახევრის დასაწყისში, გამოსარჩევია შორეული დარტყმა, რომელიც ლიტოვჩენკომ მოიგერია, ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ დინამოელები დაეუფლნენ. აღსანიშნავია ლუკა ლოჩოშვილის კარგი თამაში, მარცხენა ფლანგიდან მისი ჩაწოდებების შემდეგ, არაერთხელ შეეძლოთ დინამოელებს გოლის გატანა. თამაშის ბოლოს, კიტეიშვილის აქტიურობას ლობჟანიძის გოლი მოყვა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ჩვენი გუნდი, პირველი შეკრების დასკვნით მატჩს 4 თებერვალს, ოდესის ჩერნომორეცთან გამართავს.
სილექსი 0:0 დინამო
სილექსი: ნიჩანი, ივანოვი, გუჩევი, ფილიპოვიჩი, აცევსკი, გლიგოროვი, კალანოვსკი, პანოვსკი, ტინოვსკი,მოისოვი, ნედელიკოვიჩი
დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, გველესიანი, თოთაძე, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი, ქარდავა, ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, არაბული (მიქელთაძე 75)