• Geo
  • Eng
25.02.2014
დინამო VS სიონი – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის შეხვედრას თბილისში დინამო არენაზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 26 თებერვალს შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ.

 

 

ჩვენი მეტოქე

ბოლნისის საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან ასპარეზობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 3300 მაყურებელს იტევს. ბოლნისის სიონის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ყვითელ ფერებში არის გადაწყვეტილი. ბოლნისურმა კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას 2005–2006 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.  

 

 

მწვრთნელი და სიონი

ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან ვლადიერ ბურდულია. მისი თავკაცობით გუნდმა მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში ჩატარებული რვა თამაშიდან ხუთი შეხვედრა მოგებითა და სამი მატჩი საყაიმო ანგარიშით დაასრულა. სიონი სატურნირო ცხრილში მეხუთე საფეხურზე იმყოფება. საქართველოს თასის გათამაშებაზე კი  გუნდმა პირველი მეოთხედფინალის პირველი მატჩი გამართა საჩხერის ჩიხურასთან და ფრედ 1:1 ითამაშა.

 

 

დინამომდე...

ბოლნისის სიონმა ზამთრის შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა და თურქულ შეკრებამდე ჯერ სპარტაკთან და ვიტ ჯორჯიასთან (1:5, 1:1) ჩაატარა სპარინგ მატჩები. თურქეთში კი, ირტიშთან დამარცხდა 1:4, წააგო ბატესტან 1:2, მარცხი მტკ– სთან 0:2, დიორს მოუგეს 1:0 და ფრე სევასტოპოლთან ანგარიშით 2:2.

 

 

დინამო VS სიონი

დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 50 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 42 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 127/23 არის. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 42 გამარჯვებიდან მეტოქე 15 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია. დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 6 აპრილს შედგა. რუსთავში, ფოლადის სახელობის სტადიონზე გამართული სიონი – დინამო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანეს, საპასუხოდ კი ერთი მიიღეს. ბოლნისელთა კარში სამი გოლი რუმინელმა დორინ გოგამ შეაგდო, ერთი გოლი კი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა. ბოლნისელთაგან თავი თორნიკე აფციაურმა გამოიჩინა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩს დინამო თბილისის მცველი – გიორგი რეხვიაშვილი დააკლდება, რომელმაც ბოლო ტურში სიონთან წითელი ბარათი მიიღო. ბოლნისელთა რიგებში კი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები არ არიან.

 

 

დინამო VS სიონი – მსაჯი

უმაღლესი ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი თავის არენაზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტთა ფუნქციებს გიორგი ყრუაშვილი და არსენ ნონიკაშვილი შეასრულებენ. სათადარიგო მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება.

ბოლნისის სიონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბოლნისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მერლანი – კანდელაკი, იმედაშვილი, აბრამიძე, ქემოკლიძე – განუგრავა, გოგობერიშვილი, აფციაური, კახელიშვილი, ლობჟანიძე – უგულავა, მიკუჩაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024