დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა.
თავიდანვე სათქმელია, რომ წვიმის გამო მოედანი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასზე გააზრებული კომბინაციური ან ტექნიკური თამაშის ჩვენება ურთულესი საქმე გახლდათ. მატჩი სტუმართათვის არასასურველად დაიწყო, უკვე მეორე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ ერთი შეხებით დაარტყა და სამტრედია დააწინაურა. დინამოელებმა პირველი საგოლე მომენტი მატჩის მე-10 წუთზე შექმნეს, უსმანე კამარას გადაცემის შემდეგ ანზორ მექვაბიშვილმა ოდნავ ააცილა კარს. მე-18 წუთზე ისევ დინამოელთა შეტევა და დავით სხირტლაძის პასი ანზორ მექვაბიშვილმა ვერ გამოიყენა, რაშიც ზემოთნახსენებმა ცუდ მდგომარეობაში მყოფმა მინდორმაც შეიტანა წვლილი. ათ წუთში ისევ მექვაბიშვილი და მის დარტყმულს მიმართულება მცველმა კუთხურისკენ შეუცვალა. 38-ე წუთზე უკვე სამტრედიას ჰქონდა ორი საგოლე სიტუაცია, ორივე შემთხვევაში დარტყმული გიორგი ლორიამ მოიგერია. ტაიმი სამტრედიამ მოიგო.
მეორე ნახევარი დინამომ სამმაგი ცვლილებით განაახლა, მოედანზე დავით კობოური, ჯადული იობაშვილი და ზორან მარუშიჩი შევიდნენ. მეორე ტაიმის სტარტზე სამტრედიელთა შეტევას ალექსანდრ მიშოვი ასრულებდა, ბურთს ადგილზე გიორგი ლორია დახვდა. საპასუხოდ იობაშვილის ჩაწოდებულ მარუშიჩმა დაარტყა თავი, მაგრამ არაზუსტად. 56-ე წუთზე დედაქალაქელებმა კუთხური მოაწოდეს, ბურთს თავი საბა ხვადაგიანმა შეაგება, შემდეგ ალექსანდრე კალანდაძე და სხვაობა აღდგა 1-1. 5 წუთში დინამოელებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს, ზუსტად ალექსანდრ მიშოვმა ითამაშა. 81-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა 3-1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს ანზორ მექვაბიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში 3-2 დაფიქსირდა.
შემდეგ მატჩს დინამო სანაკრებო პაუზის შემდეგ 21 ოქტომბერს გამართავს. ანდრეს კარასკოს გუნდი გაგრას უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი