საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 და 15 ოქტომბერს თბილისში ორ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს მიიღებს, შემდეგ კი ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე თამაში მიხეილ მესხის სხელობის სტადიონზე ჩატარდება.
მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 3 ფეხბურთელს უხმეს: გიორგი ლორია, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე დაიცავენ ეროვნულ ფერებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასევე ორ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ეგიდით რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდების და შვედეთის 21 წლამდე ნაკრებ გუნდებს ბათუმში უმასპინძლებს.
ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოდან 7 ფეხბურთელია გამოძახებული: მიხეილ მაქაცარია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი და ჯადული იობაშვილი 21 წლამდე ნაკრების ფორმას მოირგებენ.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ნოემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება, სადაც კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდება. ვასილ მაისურაძე მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით ნაკრებს 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე შეკრებს.
დინამო თბილისიდან ამ მომენტისთვის შეკრებაზე 5 ფეხბურთელია მიწვეული: თენგო გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკა ცეცხლაძე, ალექსანდრე ფეიქრიშვილი და ავთანდილ მაშავა.
უკვე შეიკრიბა და საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, რომელიც ოფიციალურ მატჩებს 10 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე ქუთაისში ჩაატარებს, სადაც ავსტრიის, დანიის და ლიეტუვის 17 წლამდე ნაკრებ გუნდებს გაეჯიბრება.
17 წლამდე ნაკრებში დინამოდან 10 ფეხბურთელია გამოძახებული: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ანდრია ხოროიშვილი, გიორგი გვასალია, მათე შათირიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რევაზ დანელია და ვახო სალია საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადებიან.