• Geo
  • Eng
17.03.2017
დინამო - დილა | მატჩამდე

შაბათს, 18 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 14.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. დასრულებული სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან.

 

 

მწვრთნელი და დილა

2017 წლის იანვარში გორის დილამ ახალი მთავარი მწვრთნელი- ზივ არიე წარადგინა. 45 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ისრაელიდანაა და მანამდე სამშობლოში თელ ავივის მაქაბის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახლდათ. დილამ მისი ხელმძღვანელობით თურქეთში გაიარა შეკრება.

 

 

დინამომდე

გორელებმა მიმდინარე პირველობაზე უკვე გამართეს ორი შეხვედრა. დილამ ჯერ ჩიხურასთან ითამაშა უგოლო ფრე, ხოლო შემდეგ ბათუმის დინამოსთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში გორელებმა სამგურალი 2 დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.

 

 

დინამო - დილა

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 55- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 3 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 143/29 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2016 წლის 17 მარტს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მესამე გამარჯვება დინამოსთან.

 

 

შეხვედრის მთავარი მსაჯი

გორის დილასთან მოახლოებულ დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ჯ. ხორავა და ი. კვირიკაშვილი იქნებიან. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 15 მარტს საქართველოს თასზე გამართული რუსთავი 1:0 მერანი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ორ ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2016 წლის 11 სექტემბერს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ იმსაჯა. ფრედ 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში ყრუაშვილმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი (დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი)

===========================================

ეროვნული ლიგა – 70 თამაში / 280 ყვითელი / 11 წითელი / 16 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 34 თამაში / 110 ყვითელი / 12 წითელი / 12 პენალტი

ეროვნული ლიგა 3 – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფას U19 ჩემპიონთა ლიგა - 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგის შესარჩევი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელი მატჩს ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

დილას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მუჯრიშვილი - ღონღაძე, მაჩაიძე, ეტოუ, აბუბაკარი - ძარია, ქარქუზაშვილი, პაპავა, ლეონარდუ - წიქარიძე, ტარავალე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024