• Geo
  • Eng
04.12.2016
დინამო - საბურთალო | მატჩამდე

საქართველოს 28- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პლეი ოფის საპასუხო შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე- საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალოს მესამე პოზიცია დაიკავა და პლეი ოფში დინამოს შეხვდა.

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 19 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო წითელ ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა.

დინამომდე

საბურთალომ გარდამავალი ჩემპიონატი სიონთან 2:1 გამარჯვებით გახსნა. ამას მოჰყვა ფრე სამტრედიასთან 2:2, მარცხი თასზე ჩხერიმელასგან 1:2 და ჩემპიონატში ფოთის კოლხეთთან 0:1. შემდეგ იყო გამარჯვება დილასთან 2:1, და მარცხი ზუგდიდთან 0:1. ამას მოჰყვა ორი ფრე, შესაბამისად 0:0 ბათუმის დინამოსთან და 1:1 სიონთან. საბურთალო დამარცხდა სამტრედიასთან სამი უპასუხო ბურთით და 6:1 მოუგო კოლხეთს. უგოლო ფრე დილასთან, რასაც მიჯრით ორი გამარჯვება მოჰყვა- ზუგდიდთან 3:1 და ბათუმის დინამოსთან 1:0. ბოლოს პლეი ოფის პირველი მატჩი დინამოსთან, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

დინამო  - საბურთალო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ სამჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორ შემთხვევაში დინამოელებმა დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს მეტოქე. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს. მესამედ ეს გუნდები 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პლეი ოფის პირველ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს მცველი- უჩა ლობჟანიძე გამოტოვებს. სამაგიეროდ გუნდს უბრუნდებიან. გიორგი პაპუნაშვილი და რენე სანტოსი. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანს 5-5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.

დინამო - საბურთალო | მსაჯი

საბურთალოსთან დაპირისპირებას - ჯენერი ხორავა განსჯის. მას ასისტენტობას- ბ. ჭიჭინაძე და მ. კუპატაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები - ი. ხერხაძე და გ. ვადაჭკორია იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა ჯენერი ხორავამ, 26 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში გამართული ჩიხურა 4:1 ცხინვალი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხბურთელები არ გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში ჯენერი ხორავამ უკანასკნელად 2016 წლის 23 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო ცხინვალს გატანილი გოლების გარეშე დაცილდა. აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ვადაჭკორიამ ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯენერი ხორავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ჯენერი ხორავა

დაბადების თარიღი: 1980 წლის 26 მაისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 86 თამაში / 315 ყვითელი / 18 წითელი / 18 პენალტი

პირველი ლიგა - 47 თამაში / 157 ყვითელი / 14 წითელი / 13 პენალტი

მეორე ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 18 თამაში / 74 ყვითელი / 6 წითელი / 4 პენალტი

ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

p.s. 4 დეკემბერს დინამოს ერთი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 2011 წელს დინამომ გორის დილას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024