დინამო თბილისი ხვალ შეკრების მეორე შეხვედრას უკრაინულ გუნდთან გამართავს. თბილისელთა მეტოქე დონეცკის ოლიმპიკი იქნება, რომელიც უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი წრის შედეგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.
ოლიმპიკი 2001 წელს დაარსებული გუნდი გახლავთ. დონეცკელები საშინაო მატჩებს 4 500 მაყურებელზე გათვლილ ოლიმპიკის სტადიონზე ატარებენ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ბოლო პერიოდში ოლიმპიკი საშინაო შეხვედრებს ასევე კიევში ბანნიკოვის სახელობის სტადიონზე და სუმიში იუბილეინიზე ატარებს. გუნდის ფერები ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი. ახალგაზრდა კლუბმა 2010/2011 სეზონში პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა პირველი ლიგის საგზური. 2013/2014 წლების სეზონი ჩვენი ოპონენტისთვის ისტორიულია. გუნდმა უკრაინის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო შემდეგ კი ეროვნული თასის ნახევარფინალი ითამაშა და კიევის დინამოსთან დამარცხდა.
დონეცკის ოლიმპიკს ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი- რომან სანჟარი 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.