დინამო თბილისმა ზამთრის მეორე შეკრებაზე პირველი სპარინგ მატჩი ჩაატარა, გუნდს კი ახალმა მთავარმა მწვრთნელმა- კახა კაჭარავამ უხელმძღვანელა. თბილისელებს მეტოქეობა უკრაინულმა ვოლინმა გაუწია, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მეათე ადგილზე იმყოფება. შეხვედრა დინამოელებმა საწყისი წუთებიდან აქტიურად დაიწყეს და უკვე მეცხრე წუთზე მატჩის პირველი გოლიც გაიტანეს. ლამაზი კომბინაცია გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. საგოლე გადაცემა კი ბაჩანა არაბულმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე. 5 წუთში თბილისელებს მეორე გოლის გატანა მართებდათ, თუმცა გიორგი ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. ცოტახანში საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, მის დარტყმულს კი სიძლიერე დააკლდა და ბურთი მეტოქე მეკარის ნადავლი გახდა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ ასევე ბაჩანა არაბულს შეეძლო ორჯერ თავის გამოჩენა. მატჩის მეორე ნახევარი დინამოელებმა შეცვლებით განაახლეს. მოედანზე გიორგი ზარია, ოთარ კვერნაძე, საბა თავაძე, დავით კობოური, გია ჩადუნელი, ლაშა სალუქვაძე და ნიკა ნინუა შემოვიდნენ. ტაიმი განახლდა თუ არა ვოლინის ფეხბურთელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, საბოლოოდ დიდეიკოს დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ძელმა მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ოპონენტის მიერ შესრულებული ყველაზე სახიფათო მომენტი ჩვენს კართან. ხუთიოდე წუთში უკვე ბექა მიქელთაძის და გიორგი ზარიას აქტიურობა აღინიშნა. ორივე შემთხვევაში ბურთი მცირედით აცდა კიჩაკის კარს. საპასუხოდ დუდიკმა იაქტიურა, მომენტი კი ლიტოვჩენკომ განმუხტა. 65- და 66- ე წუთებზე დინამოელებმა ორი გოლი გაიტანეს ვოლინის კარში და ფაქტიურად მატჩში გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვიეს. ორივე შემთხვევაში გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა, ასისტენტობა კი ოთარ კიტეიშვილმა და ბექა მიქელთაძემ გაუწიეს. ამ უკანასკნელმა 73- ე წუთზე ტექნიკური და ძლიერი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. მომდევნო სპარინგს თბილისელები 17 თებერვალს ასევე უკრაინულ გუნდთან, დონეცკის ოლიმპიკთან გამართავენ.
დინამო 4:0 ვოლინი
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი 9’ 2:0 კვერნაძე 65’ 3:0 კვერნაძე 66’ 4:0 მიქელთაძე 73’
დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, გველესიანი, ლუკიჩი, ქარდავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, არაბული
ვოლინი: კიჩაკი, რომანიუკი, გოროპევშეკი, ნიკიტიუკი, ზადერედკი, ჩეპელიუკი, ლოშიუკი, დუდიკი, მემეშევი, დიდეიკო, პეტროვი