დინამო თბილისმა ბელეკში მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბელორუსიის ჩემპიონი ბატე ორი უპასუხო გოლით დაამარცხა. შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე ორი სახიფათო დარტყმაც განახორციელეს. ბექა მიქელთაძის და გიორგი პაპუნაშვილის აქტიურობა, ორივე შემთხვევაში სარეი ვერემკომ განმუხტა. საპასუხოდ იური კენდიშმაც შემოგვიტია. ბურთს უფრო მეტად საქართველოს 16- გზის ჩემპიონი აკონტროლებდა და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა. გიორგი პაპუნაშვილის აქტიურობას მეტოქის საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძის არც ისე ძლიერი დარტყმა მოჰყვა. მე- 18 წუთზე დინამოელების შეტევისას ბურთი მარჯვენა ფრთაზე სინჯებზე მყოფმა ბოგდან მიშენკომ მიიღო, კარგადაც ჩააწოდა, ბელარუსელმა მცველმა კი ხელით ითამაშა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულს მიუთითა. პენალტი ზუსტად ბექა მიქელთაძემ შეასრულა და დებიუტში მოპოვებული უპირატესობა ანგარიშშიც ასახა. გოლიდან ორიოდე წუთში ბატეს ფეხბურთელების შეტევას თავით კენდიში ასრულებდა, სერგი ლიტოვჩენკო ბურთს ადგილზე დახვდა. პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში მიილია. მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როდესაც კახა კაჭარავამ მოედანზე 7 ახალი ფეხბურთელი შეუშვა, რის მერეც მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლის მხრივ დინამოს უპირატესობა გამოიკვეთა. თუმცა სულ მალე დინამო გაშვებულ გოლს გადარჩა. მარჯვენა ფრთიდან საკმაოდ სახიფათოდ ჩაწოდებულმა ბურთმა ისე გადაკვეთა მეკარის საჯარიმო, რომ მასთან შეხება ვერავინ მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბორისოველთა მხრიდან შექმნილი ყველაზე სახიფათო მომენტი. 75- ე წუთზე საკმაოდ კარგად ითამაშა საბა თავაძემ, დრიბლინგით გაუსწრო დამცველს, თუმცა სამწუხაროდ ბურთი კარის ძელს გაარტყა. ორიოდე წუთში მისი ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შემოსული გიორგი კუცია ურტყავდა შორი მანძილიდან, ბურთი ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია ბატეს კიპერმა. მატჩის 82- ე წუთზე დინამოელებმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მოედნის ცენტრში კარგად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე დავით კობოურს გადასცა, მისი ჩაწოდებული კი თავური დარტყმით ბაჩანა არაბულმა ვერემკოს კარში გადაგზავნა. შეტევის დასაწყისში აღსანიშნავია გიორგი ზარიას ტექნიკური და ზუსტი თამაში. საბოლოოდ დინამომ 2:0 დაამარცხა ბატე. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 თებერვალს ტულის არსენალთან ჩაატარებს.
დინამო 2:0 ბატე
გოლი: 1:0 მიქელთაძე (პენ) 19’ 2:0 არაბული 82’
დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, სალუქვაძე, გველესიანი, მიშენკო, ქარდავა, ნინუა, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, კვერნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: არაბული, ზარია, თავაძე, კობოური, ჩადუნელი, მესხი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კუცია
ბატე: ვერემკო, ივანიჩი, ჟაუნერჩიკი, რიოსი, რაძიონუ, სტასევიჩი, მილოში, პალიაკუ, ხარძიჩუკი, კენდიში, გვილია