თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისის მესამე სპარინგ-პარტნიორი ბორისოვის ბატე იქნება. შეხვედრა 21 თებერვალს თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
ბატე 1973 წელს დაარსდა. გუნდი 1984 წელს დაიშალა და 1996 წელს ხელახლა შეიქმნა. ბატონები (ბატეს ზედმეტსახელი) საშინაო მატჩებს ბორისოვ არენაზე ატარებენ, სტადიონი კი 13 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ოფიციალური ფერებია- ყვითელი და ლურჯი.
ბორისოვის გუნდი 13- ჯერ გახდა თავისი ქვეყნის ჩემპიონი, აქედან ბოლო 11 წელიწადი მიჯრით. ბატემ სამჯერ მოიგო ბელორუსის თასი და ექვსჯერ აღმართა სუპერთასი, რაც ნაციონალური რეკორდია. გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს ევრო არენაზეც. ბატემ 5- ჯერ მიიღო მონაწილეობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ორჯერაც ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. დინამოსა და ბატეს გზები ხუთჯერ გადაიკვეთა. აქედან ორჯერ უეფას თასის გათამაშებაზე. პირველ შემთხვევაში 2001 წელს, როდესაც დინამომ 2:1 იმარჯვა და შემდეგ 0:4 დათმო მატჩი. მეორედ კი 2004 წელს, როცა დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ბატეს- 3:2 და 1:0. მეხუთედ ეს გუნდები შარშან ასევე თურქულ შეკრებაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და თბილისელებმა 2:0 დაამარცხეს მეტოქე.
ბატეს შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ვაკო გვილია თამაშობს. ჩვენს მომავალ ოპონენტს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი- ალექსანდრ ერმაკოვიჩი თავკაცობს.