• Geo
  • Eng
04.05.2017
რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე და გულშემატკივარი სატურნირო ცხრილს რომ ჩახედავს, შეიძლება ცოტა გაუკვირდეს. არა, თბილისის "დინამოს" ლიდერობა, ზოგადად, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სეზონის დაწყების წინ ძირითად გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი ჯგუფი დაწინაურდა, ფეხბურთელები, რომელთაც ამ დონეზე თამაშის გამოცდილება აკლდათ, თუმცა...

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დანიშნა. ფაქტია, ჩვენ თვალწინ იქმნება გუნდი, რომელსაც შეუძლია, გულშემატკივარი გაახაროს.

საინტერესოა, კლუბის ხელმძღვანელობა როგორ უყურებს პერსპექტივას. ამას გარდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი...

მოკლედ, სალაპარაკო დაგროვდა და აგერ, ინტერვიუ რომან ფიფიასთან, რომელსაც დიღმის ბაზაზე ვეწვიეთ...

კაჭარავა ყველაზე მეტად...

- გულწრფელად ვთქვათ, გასაგებ მიზეზთა გამო ბევრი არ ელოდა "დინამოს" ლიდერობას. საინტერესოა, რითი ხელმძღვანელობდით, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე არჩევანი კახა კაჭარავაზე შეაჩერეთ?
- შექმნილ სიტუაციაში კახა კაჭარავა იყო ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდებოდა "დინამოს". რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიმიღია. ვესაუბრე ჩემს კოლეგებს და ყველა ერთხმად მიემხრო კაჭარავას კანდიდატურას. დღეს ჩვენ ვხედავთ შედეგს - ყველაფერი ნორმალურად მიდის.

- წინა წლებში კაჭარავა ძალიან კარგად მუშაობდა მოკრძალებული რესურსის მქონე "ცხინვალში" და გუნდის ევროთასებზე გაყვანაც კი მოახერხა. ამანაც ხომ არ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?
- სიმართლე გითხრათ, მის მუშაობას ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს.

- ცნობილია, რომ ის შესანიშნავად მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან...
- რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო...

- სხვათა შორის, როცა "დინამოს" პრეზიდენტი გახდით, თქვენი პირველი ნაბიჯი სწორედ კაჭარავას დანიშვნა იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე...
- იცით, მწვრთნელის დანიშვნა ყოველთვის ძალიან რთულია. შენს გადაწყვეტილებას ყოველთვის თან სდევს კრიტიკა...

 

...ზოგმა ნამუსზე აიღო ხელი

- კრიტიკა, რომლის მთავარი ობიექტიც თქვენ ხართ...
- ...ოღონდ ეგ არის, რომ კრიტიკის მთქმელს არ აქვს პასუხისმგებლობა, თუმცა კრიტიკას ყოველთვის გულისყურით ვეკიდები. ადამიანს, თავისუფალი სიტყვის პრინციპებიდან გამომდინარე, უფლება აქვს, ვინმე გააკრიტიკოს.

ამ ექვს წელიწადში ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩემი მიზანი და ამოცანა სულ იყო ის, რომ რაც შეიძლება, ბევრი გამეკეთებინა "დინამოსთვის". ამ პროცესში გუნდმა 13 მწვრთნელი გამოიცვალა...

- ცოტა არ არის, მაგრამ ფეხბურთში უარესებიც გვინახავს...
- სწორედ აქეთკენ მიმყავს საუბარი. კლუბის მეპატრონეზე მეტად არავის უნდა, რომ გუნდი წარმატებული იყოს. ახლა მე შეგეკითხებით - რომელი მწვრთნელის გაშვება დავაგვიანე, ან რომლის დანიშვნაში შევცდი?

- ალბათ, თავის დროზე მეტი ნდობა უნდა ჰქონოდა კაჭარავას, ასევე შეცდომად გვეჩვენება მიხალ ბილეკის მოყვანა... ცოტა დრე შეიძლებოდა დამშვიდობება იურაი იარაბეკთან...

- მე კი მგონია, რომ ესპანელი გარსიას გაშვებაც დავაგვიანე.

შეიძლება ვინმე დარწმუნებულია, რომ რომან ფიფია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ასე არ არის. კი, მე ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე სხვის აზრსაც ვიგებ. გარსიას, ბილეკისა და იარაბეკის შემთხვევაში იყო ისე, რომ მე დავეთანხმე შეთავაზებას. ფაქტია, ვერც ფეხბურთში და ვერც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ ისე, თუ არაფერი გააკეთე. რა თქმა უნდა, შეცდომები იყო...

აი, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, თქვენ ნახავთ - თუ "დინამოში" ჩამოვლენ ლეგიონერები, და ეს ისე მოხდება, რომ ჩვენ მიერ არჩეული გეზი, ახალგაზრდების ნდობის, არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ლეგიონერები უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იქნებიან. ვესაუბრე ჩემს მეგობრებს და მათი აზრიც მოვისმინე. მერწმუნეთ, თუ ლეგიონერი ჩამოვა, ჩამოვა ისეთი, რომ თქვენც გაგიხარდებათ...

ახლა ამბობენ, ცუდია, "დინამომ" თუნდაც საპრიზო ადგილი რომ ვერ დაიკავა და რომ ევროთასებზე ვერ ითამაშებსო. კი, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ტრაგედია. გასული სეზონის შედეგები, ალბათ, ცოტა სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ბოლო მატჩებში ზოგიერთმა ფეხბურთელმა ნამუსზე აიღო ხელი...

მე მომწონს ახალი "დინამო", ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ეს არის პირველი გუნდი, რომელსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ დროთა განმავლობაში მოუმატოს, ზემოთ წავიდეს და არა - ქვემოთ დაეშვას. მათი მონდომება და საქმისადმი მიდგომა მომწონს.

არავის დავაბამ!..

- როგორ აპირებთ ამ გუნდის შენარჩუნებას?
- ქვეყანაში მიდის აღმშენებლობა, გადავედით 10-გუნდიან ჩემპიონატზე... ახლა მთავარია, გაკეთდეს ინფრასტრუქტურა. გადიან ჩვენი ფეხბურთელები ქობულეთის მოედანზე სათამაშოდ და ვერ თამაშობენ. ეს კიდევ არაფერი, ტრავმებს იღებენ. აგერ, ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩავატარეთ. ორიოდ დღის წინ შევხვდი აკადემიის აღსაზრდელებს... აქამდე ერთ ან ორ გუნდს ვუშვებდით უცხოურ ტურნირებზე, ახლა ყველა ასაკის გუნდი წავა.

- კარგად გვახსოვს შარშანდელი ტურნირი, სადაც ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, კუცია, ნინუა და სხვები თამაშობდნენ. დღეს ისინი "დინამოს" ძირითადი გუნდის წევრები არიან...
- ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან ძვირფასია. შარშან ფინალი როგორ წავაგეთ, გახსოვთ. მოწინააღმდეგის გაძევებას ვგულისხმობ, ჩვენ რომ არ დავტოვეთ კაცნაკლულნი... მსაჯობა აქ უნდა იყოს იდეალური. ასე რომ არ გვინდოდეს, წელსაც გავიდოდით ჯგუფიდან. სამართლიანად უნდა იყოს ყველაფერი, დღეს ქართული ფეხბურთის საერთაშორისო იმიჯი შელახულია. აქედან გამომდინარე, სამაგალითონი უნდა ვიყოთ ყველასთვის.

რამდენიმე ბავშვი წავა და ეს ბუნებრივი პროცესია. აქ მაინცდამაინც ტრანსფერს არ ვგულისხმობ. შეიძლება, დააკვირდნენ სოლიდური კლუბები, აზრი შეიქმნან და ასე შემდეგ...

სხვათა შორის, საინტერესო საუბარი გვქონდა ივო შუშაკთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, ზაგრების "დინამოს" აკადემიას ხელმძღვანელობს. ივომ გვითხრა, რომ ხორვატიის ასაკობრივი ჩემპიონატებიც არ არის მაინცდამაინც მაღალი დონის, მაგრამ ამის კომპენსირება ხდება მოზარდების უცხოურ ტურნირებზე მივლინებით.

საქართველოში ასეა - კლუბის მეპატრონე დებს ფულს ფეხბურთში. პრაქტიკულად მისთვის ეს არის სოციალური პროექტი და, ამასთან ერთად, მას ფიქრი უწევს იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს გუნდი. მე უკვე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ რომან ფიფია არც ერთ მათგანს არ დააბამს. წავა ყველა, ვისაც ექნება ღირსეული შეთავაზება. უბრალოდ, ეს მოხდება ისე, რომ კლუბის ინტერესები არ დაზარალდეს. ყველა ერთად ვერ წავა, თანაც, უნდა წავიდნენ ისეთი დონის გუნდებში, სადაც ზრდისა და განვითარების საშუალება ექნებათ.

 

მინდორზე რომ გადიხარ, ფეხი ხომ უნდა გაანძრიო?!

- ნდობის ფაქტორი ახსენეთ და, არ შეიძლება არ ვთქვათ ისეთ ლეგიონერებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს ნდობა ვერ გაამართლეს...
- მართალი ხართ, ბევრი შეცდომა იყო ამ კუთხით. ერთია - "დინამოში" ყოფნის განმავლობაში არასდროს ვყოფილვარ ჩართული გუნდის ყოველდღიურობაში, ოღონდ - კარგი გაგებით, ისე, როგორც ვარ დღეს. ჩვენ დღეს ვართ ერთი მთლიანი ორგანიზმი. ლეგიონერები ახსენეთ და, განა გამონაკლისები არ იყვნენ? მაგალითად, ჩისკო. მისი დონის ლეგიონერი არ ყოფილა საქართველოში.

- "დინამოს" თქვენი ხელმძღვანელობით ქართული ტიტულები არ აკლია. ორჯერ გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრამდე. "ტოტენჰემი" იქით იყოს და, აეკ-ის ძლევა მართლაც ძალიან რეალური იყო...
- ახლა ევროთასებზე რომ არ ვიქნებით, ეს შეიძლება რაღაც ასპექტში კარგიც იყოს. ხდები საქართველოს ჩემპიონი და რა მერე? მთავარია, ევროპაში რას იზამ. იქ ისე ვერ მიაღწევ წარმატებას, თუ მტკიცე საფუძველი არ ჩაყარე.

- ალბათ, მწარედ გახსენდებათ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები ევროასპარეზზე - "აქტობე", "გაბალა"...
- "დინამოს" იმდროინდელ ფეხბურთელებსაც ისე რომ ეთამაშათ, როგორც დღეს ეს ბიჭები თამაშობენ, დაანგრევდნენ ყველაფერს, მაგრამ არ უნდოდათ თამაში! იმავე "აქტობესთან" ნამდვილი საშინელება იყო, ფეხი არ გაუნძრევიათ. ამიტომ იყო, მეორე დღესვე რომ გავუშვი ბევრი გუნდიდან...

- რით ახსნით ამას?
- ფეხბურთს მხოლოდ გვარი და სახელი არ თამაშობს. მინდორზე რომ გახვალ, ფეხი ხომ უნდა გაანძრიო? ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის, ძალიან მტკივნეული...

- გიორგი შაშიაშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე იაშვილი... თქვენი ფორმაციის "დინამოში" სულ იყვნენ ადამიანური თვისებებით გამორჩეული გამოცდილი ფეხბურთელები. ახლა ასეთები ნუკრი რევიშვილი და ლაშა სალუქვაძე არიან...
- ...და ეს ძალიან კარგია. უკვე ვთქვი, რომ ჩვენთვის მხოლოდ სახელი და გვარი არ არის მთავარი. ალექსანდრე იაშვილი ჩემთვის არის სამაგალითო ფეხბურთელი, სამაგალითო ადამიანი... სამაგალითო - თავისი მომზადებით, საქმისადმი მიდგომით, კაცობით... გუნდში ასეთი ფეხბურთელის ყოლა დიდი ბედნიერებაა.

 

ლოგიკური იყო, ცხვირში ძალიან მწარედ რომ მოხვდათ...

- თავის დროზე, თბილისის "დინამო", "ზესტაფონი" და "ჩიხურა" იყო ის სამი გუნდი, რომელიც 10-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას მოითხოვდა...
- "დინამომ" დაიწყო ეს პროცესი ზვიად სიჭინავას დროს და იმათმაც, თითქოს ჯიბრით, 16-გუნდიანი ამოიჩემეს. ეს იყო პროტესტი ჩვენ წინააღმდეგ. არ შეიძლება, უსამართლოდ მოიქცე, რადგან ადრე თუ გვიან ეს შენვე დაგიბრუნდება.

ფეხბურთში თეთრი არ ჩაგიდია, სტადიონი შენ არ გაქვს, არც სხვა ინფრასტრუქტურა და 16-გუნდიანი პირველობა გინდა? ლოგიკური იყო, არჩევნებზე ცხვირში ძალიან მწარედ რომ მოხვდათ. ჯერ ჩადე ფული, თუნდაც ორი კაპიკი და მერე ილაპარაკე...

- რას იტყვით გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე?
- მისაჩვევად შეიძლება ცოტა რთულია ფეხბურთელებისთვის, მაგრამ იმაზე უკეთესია, რაც ადრე იყო.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ "დინამოსთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია კონკურენტუნარიანი გარემო...
- უტვინო უნდა იყოს კლუბის ხელმძღვანელი, კონკურენციას რომ არ მიესალმოს. სხვანაირად ვერც ის კლუბი განვითარდება და ვერც - ფეხბურთი. ყველა საფეხბურთო ქვეყანაში 4-5 კონკურენტი გუნდია, მე სამს მაინც ვისურვებდი საქართველოში. ეს მინიმუმია. ვფიქრობ, მოვა ეს დროც. საქართველოშიც არიან გუნდები, რომლებიც ფეხზე დგებიან, ძლიერდებიან... მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო.

 

მადლობა ტორპედოს ქომაგს!

- მტკივნეული თემა: როგორ უნდა იმატოს ქომაგმა "დინამოს" საშინაო მატჩებზე?
- ქუთაისში გამართულ მატჩს დავესწარი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სავსე სტადიონი ვნახე. პირველად მოხდა "დინამოში" ჩემი ყოფნის პერიოდში, რომ გინება არ ყოფილა ჩვენი მისამართით. ის კი არა, თავიანთ და ჩვენს ფეხბურთელებს ტაშიც კი დაუკრეს. ამისთვის მადლობა "ტორპედოს" გულშემატკივარს და ჩვენც ასევე დავხვდებით მათ თბილისში...

ხომ გახსოვთ, რა მოხდა ერთხელ ქუთაისში? ხალხი რომ შევიდა სტადიონზე. მაშინ გიჟივით ჩავხტი მასაში. შემეშინდა, ვინმეს ფეხბურთელებისთვის არ დაერტყა... მაგალითად, ჩისკოსთვის რომ დაერტყა ვინმეს, ადგებოდა და წავიდოდა. ახლა კი ასეთი დახვედრა... სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი...

რაც შეეხება ქომაგის მატებას... მე მაინც მგონია, რომ ჩვენი გულშემატკივარი ელოდება დიდ და ლამაზ გამარჯვებას. თქვენ ნახავთ, რა დონის ლეგიონერები ჩამოვლენ "დინამოში". უმაღლესი დონის უცხოელი აქ ხანგრძლივი დროით არ წამოვა, მაგრამ გარკვეული ხნით მოვახერხებთ მის ჩამოყვანას. ევროთასებზე რომ უნდა დაგეხმაროს, იმ ლეგიონერს მინიმუმ ექვსი თვით ადრე ხომ ჩამოიყვან? იქნებ ამან მოაბრუნოს ხალხი სტადიონზე...

ოღონდ ერთხელაც ვიტყვი - ლეგიონერის ჩამოყვანა არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს გეზს - ვგულისხმობ მაქსიმალურ ნდობას ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. ეს გზა უცვლელი დარჩება.

 

თუ ფეხბურთი რამეს ნიშნავს საქართველოში, ეს კორპუსი იქ არ უნდა აშენდეს!

- 6 წლის წინათ, "დინამოს"პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია რომ გამართეთ, გკითხეთ და ახლაც გავიმეორებთ - ხომ არ აპირებთ 4-5-ათასიანი არენის აშენებას, რომელიც განკუთვნილი იქნება კონკრეტულად "დინამოს" საშინაო მატჩებისთვის?
- სხვათა შორის, მახსოვს ეს კითხვა და სწორადაც იყო დასმული. ახლა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ "დინამოს" ბაზასთან შენდება 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ეს შეუძლებელს ხდის ბაზის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიღაც ბიზნესმენს ფულის შოვნა უნდა "დინამოს" ბაზის ხარჯზე. ამ ბაზაში კი დევს დიდი ისტორია ჩვენი ფეხბურთისა, თავი რომ დავანებოთ ჩემს გულს, სულს და ფულს. სასამართლოს ძალიან დიდი იმედი მაქვს. მჯერა, ჩვენ მიერ წარდგენილი არგუმენტები წონადი იქნება. მზად ვარ, ავაშენო ასეთი სტადიონი იქ, სადაც ეს კორპუსი შენდება. იმედია, ჩაეტევა და თუ არ ჩაეტევა, მაშინ მზად ვარ, თუნდაც "ავაზას" ტერიტორიაზე ავაშენო პატარა სტადიონი. ახლა იქ კატასტროფული მდგომარეობაა...

თუ ამ ქვეყანაში რამეს ნიშნავს ფეხბურთი, არ უნდა აშენდეს ეს კორპუსი იქ, სადაც ქართული ფეხბურთის ისტორიაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. დიდი იმედით ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას.

- დაბოლოს: ალბათ, თქვენთვის სულერთი არ იქნება, თუ რომელ კლუბებში წავლენ ფეხბურთელები "დინამოდან"...
- არ ვარ ის ადამიანი, ფული ავიღო ფეხბურთელში და მისი მომავალი სულერთი იყოს ჩემთვის. პირდაპირ ვამბობ: "დინამოდან" თუ წავა ფეხბურთელი, წავა კარგ ევროპულ გუნდში, ან, მინიმუმ, რუსეთის პირველი სამეულის გუნდში. ფეხბურთელს ასე ალალბედზე ვერ დავტოვებ...

ეგ არის, დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ "დინამოდან" პირდაპირ ტოპ-კლუბში მოხვედრა ძალიან რთულია, პრაქტიკულად - შეუძლებელიც.

ჩვენ უნდა გავუშვათ ფეხბურთელი ისეთ გუნდში, რომელიც ტოპ-კლუბის წინა ეტაპი იქნება და თან ამ გუნდს ჩვენი მოთამაშე ძალიან უნდა სჭირდებოდეს...

ძალიან მახარებს ჩვენი აკადემიის გამართული მუშაობა. ჩვენ უკვე მივიღეთ, ასე ვთქვათ, პირველი მოსავალი. ყველაფერს დრო სჭირდება... ცოტა დრო კი დავკარგეთ, მაგრამ რა პერიოდსაც ვფიქრობდით, ზუსტად იმ პერიოდში მოიტანა შედეგი აკადემიამ. კი, შეიძლება გვყავდეს უმაღლესი დონის ლეგიონერები, მაგრამ ძირითადად ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებს უნდა დავეყრდნოთ.

იცით, ჩისკოს რამდენი ჰქონდა ხელფასი? 20 ათასზე მეტი. ასეა - თუ ხარისხიანი ლეგიონერი გინდა, მას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება.

დიდი შრომა დევს ამ აკადემიაში. გვეუბნებიან, რად უნდათ ასეთი პირობებიო?! ჩემი აზრით, უნდათ! რატომ არ უნდა იყოს ბავშვი კარგ პირობებში? სპარტანულად უნდა გაზარდოთო. იქ ბოლომდე არის დისციპლინა დაცული. ჩემთვის სამაგალითოა "ბარსელონას" დიდებული აკადემია. თუ გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, ჩვენი ბევრად ნაკლები არ არის. მას უდიდესი როლი ეკისრება კლუბის ცხოვრებაში, სამომავლო წარმატებებში.

იყო შეცდომები ლეგიონერებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველოდით აკადემიიდან შევსებას და რა გვექნა? ამიტომაც იყო შემთხვევები, როცა ჩვენთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, "ჩამოწერილი" ფეხბურთელებიც კი ხვდებოდნენ. აქ აღარ ჩამოვა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გავიდეს პენსიაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გაძლევთ პირობას, რომ მომავალ წელს ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, თქვენც კმაყოფილნი დარჩებით.

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/103888-eqskluzivi-roman-fifia-isethi-legionerebi-chamovlen-gagikhardebath.html?add=1#comments

04.05.2017

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024